ღია კარის დღე თსსუ–ში

ღია კარის დღე თსსუ–ში

2014 წლის 1 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. აბიტურიენტები და მათი მშობლები ღია კარის დღეზე დასასწრებად მოვიდნენ. თსსუ–ში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი წელს კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე შარშან, ამიტომაც ღია კარის დღე ერთის ნაცვლად ორ დარბაზში ჩატარდა.

   
     

აბიტურიენტებს შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე რექტორები: პროფესორი კახაბერ ჭელიძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, გიორგი აბესაძე, მედიცინის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტების დეკანები, თსსუ–ის ადმინისტრაციის სხვა წევრები, ეროვნული საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები.

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აუდიტორიას განუცხადა, ეს შეხვედრა იმას ემსახურება, რომ მომავალ სტუდენტებს ზუსტი წარმოდგენა შეექმნათ, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებელი აქვთ ამორჩეული და კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რამდენად სწორია მათი არჩევანი.

ისედაც ცხადი იყო და ღია კარის დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უზადო ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში. მისი თითქმის ასწლიანი ისტორია 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) დაარსებასთან ერთად დაიწყო. მართალია, სამედიცინო ინსტიტუტი (1994 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტი) მხოლოდ 1930 წელს გამოეყო უნივერსიტეტს, მაგრამ ინტელექტუალური ბაზა  სწორედ 1918 წელს შეიქმნა და შემდეგ ღირსეულად განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა როგორც უნივერსიტეტში, ისე სამედიცინო ინსტიტუტის სახელითაც. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ უნივერსიტეტისგან სამედიცინო ფაკულტეტის აუცილებელი გამოყოფის საკითხი უკვე დადგა ევროპის ქვეყნებში დღის წესრიგში. ცხადი გახდა, რომ სპეციფიკურ და ძირეულ განათლებას, რომელსაც სამედიცინო დისციპლინებში იღებენ სტუდენტები, მართლაც მხოლოდ სპეციფიკური  _ სამედიცინო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სრულყოფილად. 

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ დეტალურად გააცნო მსმენელებს უნივერსიტეტში სწავლის ყველა პერსპექტივა და ნიუანსი.

     
   

აბიტურიენტები დაინტერესდნენ იმ  მნიშვნელოვანი განაცხადით, რასაც ევროკავშირის 39 უნივერსიტეტთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) და  MEDINE–ის სამუშაო ჯგუფებში სამედიცინო განათლების სტანდარტების და ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების თანამონაწილეობა განაპირობებს. 2012– 2013 წლებში თსსუ–ში  აშშ–ის, ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის და ისრაელის უნივერსიტეტების 200–ზე მეტი წამყვანი პროფესორი ჩამოვიდა ლექციის წასაკითხად. თსსუ–თან პარტნიორობს 100–ზე მეტი უნივერსიტეტი და კლინიკა მსოფლიოს 40–ზე მეტი ქვეყნიდან.  იქ ყოველწლიურად თსსუ–ის 300–ზე მეტი სტუდენტი და რეზიდენტი გადის სტაჟირებას.

 

აბიტურიენტები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით. უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა მათ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ეს მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მომავალი კარიერის პერსპექტივის თვალსაზრისით, რადგან ეს პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიღებას; წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში, (ატლანტა, აშშ). ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა გაუადვილებს საქართველოს მოქალაქეებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ ე.წ. ა,შ,შ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licening Examination – USMLE) ორივე საფეხური ეტაპობრივად. ღია კარის დღეს  ესწრებოდნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის I კურსის სტუდენტებიც, რომლებიც ლურჯი მაისურებით კიდევ ერთხელ უწევდნენ რეკომენდაციას თავის სასწავლო პროგრამას, როგორც ერთ–ერთ ყველაზე საინტერესოს და ეფექტურს.

     

გამოხმაურება ჰპოვა ქართულ–ფრანგულმა პროგრამამაც. 2012 წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე პარიზის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია უნიმენსა და გრენობლის უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა. ეს  ევროპულ სივრცეზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა გახლავთ, რომელიც მსურველს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ღია კარის დღე კითხვა–პასუხით დასრულდა. როგორც დამსწრეთაგან უმრავლესობა აღნიშნავდა, მოსმენილმა მართლაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ აირჩიო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ეს მართლაც ყველაზე სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.  ის თანამედროვე სწავლების შესაძლებლობები, რასაც თუნდაც განახლებული კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი გთავაზობთ სიმულატორების  საშუალებით, ან ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური  გამოცდის (ოსკის) თვალსაზრისით, უკვე ცხადყოფს, რომ თსსუ უახლეს მოთხოვნებს პასუხობს და სწავლისადმი მიდგომით განვითარებული ევროპის ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს. ამიტომაც ინერგება ახალი მეთოდები, მიმდინარეობს მუდმივი ძიება და რაც მთავარია, ხდება კლინიკური აზროვნების სწავლება.

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ბრძანა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მომავალი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და დახვეწას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, საუკეთესო შესთავაზოს ყოველ სტუდენტს, მეტიც, აბიტურიენტების დასახმარებლად არსებობს მოსამზადებელი ცენტრი, რომლის გამოცდილებაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად კარგი შედეგების ჩვენებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ცხადია, აბიტურიენტის შესაბამისი მეცადინეობის შემდეგ.

   

თსსუ TEMPUS-ის („დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“) პროექტის  ძირითადი მონაწილეა. ეს კიდევ უფრო ზრდის შანსს, რომ მისი კურსდამთავრებულს მრავალმხრივი გამოცდილება და პრაქტიკა ექნება მიღებული ევროპის ქვეყნებში. გამოცდილება კი, მოგეხსენებათ, ძალაა.

როგორც ერთ–ერთმა აბიტურიენტმა აღნიშნა, მისთვის მთავარი მოტივაცია მაინც ის გახდა, რომ თითქმის ყველა დიდი ექიმი, რომელსაც ცხოვრებაში შეხვედრია, თსსუ–ს კურსდამთავრებულია. ეს ერთგვარი რეკლამაა, რომელსაც არც ყავლი გასდის და ვერც ტყუილს დასწამებ – თსსუ უძლიერესი სამედიცინო პერსონალის აკვანია. ამ ტრადიციითა და სიახლეების სწორი შეთვისება–დანერგვით თსსუ კვლავაც არაერთ დიდ ექიმს გაუზრდის ქვეყანას.