საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის კორიფეს, პროფესორ კლარა გელაშვილს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.
ქალბატონი კლარა დაიბადა 1931 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის, დიმიტრი გელაშვილის ოჯახში.
ქალბატონი კლარა, თავისი ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში, ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე, იყო და არის პროგრესული იდეების ინიციატორი და მათი განხორციელების ავტორი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ქალბატონმა კლარამ მთელი თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური რესურსი მიუძღვნა მედიცინის ერთ-ერთ მეტად რთულ და იმ დროისთვის შედარებით ახალ მიმართულებებს - რადიოლოგიასა და რადიაციულ ჰიგიენას. თავისი ცხოვრების თანამგზავრსა და ერთგულ მეგობართან, საქართველოს ონკოლოგთა სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელთან და ორგანიზატორთან, პროფესორ რევაზ ვეფხვაძესთან ერთად მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რადიოლოგიის, როგორც ახალი და პროგრესული სამეცნიერო მიმართულების, საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებაში.
ქალბატონი კლარას უშუალო ხელმძღვანელობით დაინერგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარიულ-ჰიგიენური (ამჟამად - საზოგადოებრივი ჯანდაცვის) ფაკულტეტის სასწავლო გეგმაში ახალი დისციპლინა - რადიაციული ჰიგიენა, რომლის სწავლებასაც ქალბატონი კლარა ხელმძღვანელობდა 1981-2001 წლებში. ამის შემდეგაც აგრძელებდა ქალბატონი კლარა აქტიურ საქმიანობას; მისი უშუალო ხელმძღვანელობით, თანაავტორებთან ერთად, მომზადდა და ორჯერ (2007, 2014) გამოიცა სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის რადიაციული ჰიგიენა, რომელიც მის მიერ ადრე (1976, 1983) გამოცემული სახელმძღვანელოს გადამუშავებული და სრულიად ახალი, აქტუალური და თანამედროვე ინფორმაციით შევსებული ფუნდამენტური სასწავლო და სამაგიდო წიგნია ამ სფეროთი დაინტერესებული მკითხველისათვის.
დიდია ქალბატონ კლარას ღვაწლი საქართველოში რადიოეკოლოგიის აქტუალური საკითხების დამუშავებაში. ამავე თემაზე მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 5 საკანდიდატო დისერტაცია.
ქალბატონ კლარას მიერ გამოქვეყნებულია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი თუ მონოგრაფია; იგი ბრძანდება 1 გამოგონების ავტორი. უშუალოდ მისი და მისი მოწაფეების სამეცნიერო კვლევების შედეგები დაედო საფუძვლად საქართველოს რადიაციული რუკის შედგენას, რომელიც შევიდა მსოფლიო რადიაციულ ატლასში.
ქალბატონ კლარა წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მისი უშუალო ინიციატივით ჩამოყალიბებულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალობების ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და დახელოვნების კურსებს; წლების მანძილზე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე ჰიგიენურ სპეციალობებში.
ქალბატონი კლარა თითქმის 10 წელი იყო საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; ამჟამად იგი ამ აკადემიის საპატიო პრეზიდენტია. ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო აკადემიის ისტორიაში - გამოიცა აკადემიის სამეცნიერო შრომების კრებულის 4 ტომი, ჩატარდა რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია, ჩატარდა კონსულტაციების სერია პრაქტიკოსი ექიმებისათვის, მოსახლეობის სამედიცინო კვლევები და ა.შ.
მნიშვნელოვანია ქალბატონ კლარას წვლილი საქართველოს ეროვნული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში. იგი არაერთი ნორმატიული დოკუმენტის ავტორი და ხელმძღვანელია. უშუალოდ მის მიერ მომზადდა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული ნორმატიული დოკუმენტი - რადიაციული უსაფრთხოების ნორმები (რუნ-2000).
ყველგან, სადაც კი მოღვაწეობდა ქალბატონი კლარა, ყოველთვის იყო სამაგალითო ახალგაზრდა კოლეგებისათვის; მისი შრომა სახელმწიფოს და საზოგადოების მიერ ღირსეულად დაფასდა - იგი ღირსების ორდენის კავალერი ბრძანდება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია დიდი ოქროს მედლით.
ქალბატონი კლარასა და ბატონი რევაზის დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს მათი ქალიშვილი - პროფესორი ნინო ვეფხვაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ქალბატონ კლარა გელაშვილის Alma Mater - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს თავის ღირსეულ მოსწავლეს იუბილეს, უსურვებს დღეგრძელეობას, ბევრ სიხარულს, დიდხანს ტკბობას მისი მოყვარული და პატივისმცემელი, საამაყო შთამომავლობის ბედნიერებით და წარმატებებით. ქალბატონი კლარას შვილები და შვილთაშვილები არიან და კიდევ დიდხანს იქნებიან საქართველოს მედიცინის სამსახურში.
ასე, რომ - “ტრადიციებით მომავლისკენ!”