ღვაწლმოსილი მეცნიერი, პედაგოგი პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი 80 წლისაა

ღვაწლმოსილი მეცნიერი, პედაგოგი პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი 80 წლისაა

ქართველი მეცნიერი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი დაიბადა 1934 წლის 8 დეკემბერს ქ. თბილისში.

1958 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, სადაც განვლო გზა რიგითი მეცნიერ თანამშრომლიდან პროფესორობამდე, რიგითი ფარმაკოქიმიკოსიდან ლაბორატორიის გამგეობამდე.

1969 წელს ბატონი გურამი წარმატებით იცავს საკანდიდატო დისერტაციას (თბილისი), 1984 წელს კი _ სადოქტორო დისერტაციას ქ. ხარკოვში.

1963-1972 წლებში, თავისი სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი ინსტიტუტის სწავლული მდივანია. 1972-2006 წლებში იგი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში, 2006 – 2010 წლებში სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. 1972 წლიდან პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორიას.

ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი ნაყოფიერად მუშაობს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. იგი სიამოვნებით გადასცემს ცოდნას და გამოცდილებას მომავალ კოლეგებს – სტუდენტ-ახალგაზრდობას.  მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ბატონი გურამ ცაგარეიშვილი სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1978 წლიდან იგი ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, 1983 წლიდან ბატონი გურამი ამავე ინსტიტუტის ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრის პროფესორია, 1993-1998 წლებში პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი აღნიშნული კათედრის გამგეა. 1998 წლიდან იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი და იმავდროულად წამალთა ტექნოლოგიის სალექციო კურსის ხელმძღვანელია.

პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული პრაქტიკულ საქმიანობაში. 1994 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო ინდუსტრიისა და სერვისის კომპანია “მედინსერვში” გენერალური დირექტორის მოადგილედ.

პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი აგერ უკვე 55 წელია ეწევა სამეცნიერო, პედაგოგიურ, ორგანიზაციულ, პრაქტიკულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა – საქართველოს მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლა ახალი, ორიგინალური სამკურნალო, ვეტერინარიული და კოსმეტიკური საშუალებების შექმნის მიზნით.

ბატონი გურამი ფარმაციის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას – ფარმაცევტულ ტექნოლოგიას უდგას სათავეში და მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგად 25-მდე ორიგინალური სამკურნალწამლო, კოსმეტიკური და ვეტერინარული საშუალება შექმნა. მისი კვლევის შედეგები ასახულია 154 სამეცნიერო სტატიაში, 22 მონოგრაფიასა და დამხმარე სახელმძღვანელოში. ამასთან მიღებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტები ახალი ორიგინალური სამკურნალწამლო საშუალებების შემადგენლობასა და ტექნოლოგიებზე.

პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი არაერთი სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმისა თუ კონგრესის უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი გახლდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის აღიარებული მკვლევარი, მეცნიერი და პედაგოგია. მან სამეცნიერო შრომათა ციკლისთვის 1999 წელს მიიღო აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის პრემია და ღირსების ორდენი.

პროფესორმა გურამ ცაგარეიშვილმა თავისი მეცნიერული კვლევებით ახალ საფეხურზე აიყვანა აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის დაწყებული საქმე – ბენტონიტების შესწავლის სფეროში და ფაქტობრივად შექმნა სკოლა.

ბატონო გურამ!  დიდ მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ მიგიძღვით ქართული სამეცნიერო და პრაქტიკული ფარმაციის განვითარების საქმეში და გისურვებთ ხანგრძლივ, ნაყოფიერ შემოქმედებას, ჯანმრთელ სიცოცხლეს თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად.

იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კოლექტივი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.