შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” მიღწევების შესახებ „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში”

შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” მიღწევების შესახებ „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში”

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში” საგრანტო პროგრამის, „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” მიღწევების შესახებ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი, „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის”აქტივობების მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის გაზრდა სარეაბილიტაციო სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე.

სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრის და კერძო სექტორის პარტნიორობით, საგრანტო პროგრამის დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებთან წვდომა. პროგრამის ფარგლებში გადამზადდა დარგის 120-ზე მეტი პროფესიონალი, რომლებიც ემსახურებიან შშმ და სამედიცინო რეაბილიტაციის სერვისების საჭიროების მქონე პირებს. პროექტის მიერ მხარდაჭერილი „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” ყოველწლიურად 5000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება.

„ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” საბოლოო ანგარიში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პროფესორმა, არჩილ უნდილაშვილმა წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდა დევიდ ჰოფმანი, USAID-ის კავკასიის რეგიონული ოფისის მისიის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ისაუბრა პროგრამის წარმატების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მიღწევები აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მეტად განვითარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე რეაგირების გასაძლიერებლად.

„ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი" საქართველოში 2022 წლის 27 მარტს დასრულდა. პროექტი ჩვენს ქვეყანაში 2017 წლიდან მიმდინარეობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მთავარი განმახორციელებელი იყო ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა საქართველოში მოქმედ მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:

• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ/TSMU);

• კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის" (PFID);

• კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL).

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე პარტნიორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგახსნილ, „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის” საქმიანობას გაეცნენ და დაათვალიერეს შენობის ინფრასტრუქტურა. აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფას, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და ინტეგრაციაში.