შემოქმედებითი საღამო „ხელოვანი ექიმები“

შემოქმედებითი საღამო „ხელოვანი ექიმები“

2014 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „წითელ დარბაზში“ შემოქმედებითი საღამო „ხელოვანი ექიმები“ გაიმართა. საზოგადოებაში უკვე კარგად იცნობენ ექიმებს, რომლებიც ხელოვნების სფეროში არაერთ წარმატებას აღწევენ: უზადოდ ასრულებენ კლასიკურ ნაწარმოებებს დ სიმღერებს, წერენ მუსიკას, ლექსებს, ცეკვავენ ქართულ  ხალხურ, თუ ევროპულ ცეკვებს... თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს თავისი სტუდენტების შემოქმედებით ნიჭს, მათთვის თვალისდევნებას მას მერეც აგრძელებს, რაც ისინი უნივერსიტეტს ტოვებენ და სამედიცინო სფეროში აგრძელებენ მოღვაწეობას.

ამისი დასტურია სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარებული შემოქმედებითი საღამო  „ხელოვანი ექიმები“. მასში მონაწილეობდნენ ცნობილი ექიმები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები: ტატა ხვედელიანი, თემურ პეტრიაშვილი, ანსამბლი „შვიდკაცა“, დიმა კობეშავიძე, გია ბეროშვილი, ლიზა ჩაჩუა, თეატრი „ჰიგია“, თსსუ–ის ქორეოგრაფიული ანსამბლი, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „ვეგა“, ტერეზა ფუხაშვილი, თეკლა გოგრიჭიანი და თორნიკე ქუთათელაძე, ხათუნა ინწკირველი, თამარ არჩვაძე...

ცნობილმა სექსოლოგმა გია ბეროშვილმა სცენიდან მიმართა აუდიტორიას, რომ უბედნიერესი იყო, რადგან 40 წლის შემდეგ ისევ დადგა სცენაზე, რომელთანაც ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს. მისი სიმღერა „ოთხი გიას“ შემადგენლობაში ყოფილი ფილარმონიის სცენიდანაც არაერთხელ მოგვისმენია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრესტიჟული სცენა ყოფილა მისი მასპინძელი, თსსუ–ის „წითელ დარბაზში“ გამოსვლა მაინც სხვაგვარად ემოციური და საპასუხისმგებლო რჩება მისთვის.

 

სცენას ამშვენებდა დიდი პანო თსსუ–ის ეზოს პანორამით. ეს კიდევ უფრო ემოციურს ხდიდა თითოეული გამომსვლელის ნომერს... ბატონმა თემურ პეტრიაშვილმა წაიკითხა ტიციან ტაბიძისა და რეზო თაბუკაშვილის (უფროსი) ლექსები. მას ახლაც, ისე როგორც ადრე, ძლიერი სიყვარული აკავშირებს სამედიცინო უნივერსიტეტთან, მის აუდიტორიებთან და ეზოსთან, მასში მომუშავე პროფესორ–მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა, რომ ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თემურ პეტრიაშვილი ასე ემოციურად იხსენებს ყოველ წუთს, რომელიც აქ გაუტარებია.

არაჩვეულებრივად შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები თეკლა გოგრიჭიანმა და თორნიკე ქუთათელაძემ, სტუდია „ვეგამ“, თსსუ–ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, რომელსაც მალე დაარსებიდან 30 წელი უსრულდება.

შეუდარებელი იყო თეატრ „ჰიგიას“ ემოციური ეპიზოდი, რომელიც სცენაზე თეატრის რეჟისორმა ნათია გუჯაბიძემ და მსახიობმა ოთარ ბუხრაშვილმა გააცოცხლეს.

კონცერტს ესწრებოდა ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი. დასასრულს მან ემოციური სიტყვით მიმართა შემსრულებლებს: მართალია, რომ ახლოს ვართ ერთმანეთთან მუსიკოსები და ექიმები. თქვენ ბრწყინვალე შემოქმედება გაქვთ...

შემოქმედებით საღამოს „ხელოვანი ექიმები“ ესწრებოდნენ თსსუ–ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.