შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2017 წლის 7 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ACTS GEORGIA”–ს წევრ დიაბეტით დაავადებულ მოზარდებს, მათ მშობლებსა და მათთან ერთად, კიდევ ერთი საზაფხულო–საგანმანათლებლო სამკურნალო ბანაკის დაწყება აღნიშნა. 
ყვარელში, დასასვენებლად და საკუთარი დაავადების მართვის შესასწავლად გაემგზავრა 50 ბენეფიციარი, რომელთაც დაემატება 7 ადგილობრივი ბავშვი.
მოზარდების ბანაკში დასვენება უზრუნველყო არასამთავრობო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ACTS GEORGIA“ –მ , თბილისის მერიამ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. დიაბეტით დაავადებული მოზარდები ყვარელში, საპატრიარქოს გიმნაზიის შენობაში განთავსდებიან და ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებენ და მიიღებენ საჭირო ცოდნას, შეიძენენ უნარ–ჩვევებს, თუ როგორ მართონ საკუთარი დაავადება. 
ყვარელში გამგზავრებამდე, ბანაკის ორგანიზატორები: ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ACTS GEORGIA „ –ს პრეზიდენტი– გიორგი წილოსანი, ვიცე– პრეზიდენტი გურამ ამირიძე, ბანაკის ბენეფიციარები, მათი მშობლები და სტუმრები: ქალაქ თბილისის ვიცე–მერი, ნინა ხატისკაცი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და პროექტის პარტნიორი ამერიკელი სტუმრები, ტრადიციისამებრ , ეწვივნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები მათი დიდი ხნის გულშემატკივრები არიან.
სტუმრებს დახვდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე.
თავდაპირველად, აუდიტორიაში შეკრებილთ მიესალმა „ACT GEORGIA „ –ს ვიცე – პრეზიდენტი– გურამ ამირიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე 23 –ე წელია, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის, ეწყობა საგანმანათლებლო –სამკურნალო ბანაკი, რომელიც ორმა დიდებულმა პიროვნებამ, ორმა პროფესორმა –ამერიკელმა რონალდ ჯეიმსმა და ქართველმა კობა კოპლატაძემ ჩამოაყალიბეს. სამწუხაროდ, ამჟამად ორივე მათგანი გარდაცვლილია. აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას. 
გურამ ამირიძემ დიდი მადლობა გადაუხადა პროექტის მასპინძელს, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელიც წლების განმავლობაში მხარში უდგას პროექტს, და აღნიშნა ბოლო 2–3 წლის მანძილზე თბილისის მერიის და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერაც .
შემდგომ შეკრებილებს მიესალმნენ: ქალაქ თბილისის ვიცე–მერი, ნინა ხატისკაცი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, „ACTS GEORGIA „ –ს პრეზიდენტი– გიორგი წილოსანი, ამერიკელი მშვიდობისდამცველი – გენერალი თომას ბლექსტოკი. 
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის ყველა მონაწილეს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში საკუთარი წვლილის შეტანისთვის და აღნიშნა, რომ „ორგანიზაცია ACTS interational იყო პირველი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შემოვიდა, მისი პრეზიდენტია ქალბატონი პატრიცია ბლერი. ამ ორგანიზაციის ქართული ფილიალია „ ACTS Georgia“, რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის: კადრების მომზადება აშშ-ში, სტუდენტებისა და პროფესორების სტაჟირება. დღეს, ვმასპინძლობთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის მონაწილეებს, რომელიც ეხება ზაფხულის ტრენინგს დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის. დიაბეტს სჭირდება მართვა და ნორმალური მართვის პირობებში, რა თქმა უნდა, ადამიანი სრულყოფილია და ის განვითარდება ისე, როგორც დიაბეტის არმქონე. სწორედ ამას და ბავშვების გაჯანსაღებას, ემსახურება ეს საზაფხულო სკოლა“
ბანაკში მონაწილე ბავშვებს სამედიცინო კონსულტაციას გაუწევს სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ექიმი ლიკა კაჭარავა, რომელიც წლების განმავლობაში არის ბანაკის დირექტორი. 
ტრადიციულად, ყვარელში გამგზავრებამდე, ბანაკის ბენეფიციარებმა, მათმა მშობლებმა, ბანაკის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.