შეხვედრა  ფონდ ,,ივერიისა,,-ს წარმომადგენლებთან

შეხვედრა ფონდ ,,ივერიისა,,-ს წარმომადგენლებთან

2012 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ,,სადისერტაციო დარბაზში“ ჩატარდა შეხვედრა ფონდ „ივერიისა“–ს წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ: თსსუ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
როგორც ცნობილია, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, 2012 წლის 17 აპრილს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, საფუძველი ჩაეყარა ,,ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის და სავანის” მშენებლობას. უწმიდესისა და უნეტარესის კურთხევით დაარსდა მშენებლობის ფონდი „ივერიისა“, რომლის დამფუძნებელია ბატონი პაატა ბურჭულაძე.
ტაძრის მშენებლობას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი, რადგან მას აშენებს არა რომელიმე მეცენატი ან ორგანიზაცია, არამედ სრულიად საქართველო – თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც გაწევრიანდება ტაძრის მშენებლობის აქციაში.

 


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და მეცნიერ–თანამშრომლები მეორე წელია ჩართულნი არიან ,,ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის და სავანის“ მშენებლობის აქციაში.

შეხვედრაზე საზოგადოებას მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს: ,,ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის და სავანის“ მშენებლობის ერთ-ერთი ქტიტორი, ბატონი ლაშა თაბუკაშვილი, ფონდ ,,ივერიისა“-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი რუსუდან მანჯგალაძე და ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა კახაბერ გოგიტიშვილი. მათ ისაუბრეს, როგორ შეიძლება ისტორიულ მშენებლობაში მონაწილეობა და, ასევე, ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე საქართველოს საზოგადოების გაძლიერებისა და გაერთიანების საქმეში.

შეხვედრის ბოლოს მოეწყო რეჟისორ ოთარ ლითანიშვილის ფილმის "ღირს არს" ჩვენება, რომელიც ათონის მთის ქართველთა მონასტრის ივერონისა და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ არის გადაღებული.