შეხვედრა ნობელის პრემიის ლაურეატ აარონ ჩიხანოვერთან

შეხვედრა ნობელის პრემიის ლაურეატ აარონ ჩიხანოვერთან

   
   

2017 წლის 30 ივნისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  შეხვედრა მოუწყვეს ნობელის პრემიის ლაურეატ აარონ ჩიხანოვერს. შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი, იმუნოფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი რევაზ სეფიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ნობელიანტი მეცნიერის ვიზიტის ორგანიზების საკითხში. 

შეხევდრა გახსნა და აუდიტორიას პროფესორ აარონ ჩიხანოვერის აღმოჩენაზე მცირემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინთინ ჩიქოვანმა. 

ფილმის დასრულების შემდეგ სცენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს, მათ ცეკვის პერფორმანსით განასახიერეს უბიქვიტინის სისტემის მექანიზმი, რომლის აღმოჩენის გამოც აარონ ჩიხანოვერს 2004 წელს ნობელის პრემია გადაეცა. 

მან მიიღო ნობელის პრემია ირვინ როუზთან და ავრანონ გერშკოსთან ერთად. ამ აღმოჩენის საფუძველზე ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოძებნეს გზები კიბოსთან საბრძოლველი ახალი პრეპარატის შესაქმნელად და გამოუშვეს უკვე მეორე თაობის წამალი ბორტეზომიბი. აარონ ჩიხანოვერი ამიტომაც არის სიმბოლო გამარჯვებისა, რომელიც კაცობრიობამ მოიპოვა კიბოსთან ბრძოლაში. მიღებული პრეპარატი ეფექტურია და ამარცხებს სისხლის დაავადების გავრცელებულ ფორმას - მრავლობით მიელომას. 

საპატიო სტუმარს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია ახლად რეკონსტრუირებული თეატრალური დარბაზის ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებით გახსნა. ბატონი აარონ ჩიხანოვერი პირველი ნობელიანტი მეცნიერია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით აარონ ჩიხანოვერს თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, რომლის დამადასტურებელი სიგელიც სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, სტუმარს სცენაზე გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

პროფესორმა აარონ ჩიხანოვერმა ძალიან თბილი და გულითადი სიტყვით მიმართა აუდიტორიას: „ექიმი გახლავართ და მქონდა კიდეც ქირურგის პრაქტიკა, ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკაში... მერე მივხვდი, რომ მე სხვა რამ მჭირდებოდა. მე უნდა დამეტოვებინა სამედიცინო სფერო და მერე მასში დავბრუნებულიყავი, ოღონდ უკანა კარიდან. სამედიცინო სფეროში წინა კარიდან შესვლა ნიშნავს პაციენტების დახვედრას, მათ კონსულტირებას და მკურნალობას. მე მინდოდა უფრო მეტი. სამედიცინო სფეროში უკანა კარიდან დაბრუნება ეს გახლავთ ის, რომ შენ ცვლი პაციენტის ცხოვრებას. ეს საბედნიეროდ, გამომივიდა!“ 

ბატონმა აარონ ჩიხანოვერმა ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან, როცა ამქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი მიიღო. მასთან მიიყვანეს პაციენტი, რომელიც ორი თვის წინ მრავლობითი მიელომის დიაგნოზით სასიკვდილოდ გადადებული იწვა ჰოსპიტალში  და მისმა გამოგონებამ, რომელიც მხოლოდ აპრობაციას გადიოდა, ლეტალური გამოსავლისგან იხსნა. ეს იყო უბედნიერესი წუთები... 

რაც შეეხება აარონ ჩიხანოვერის სამეცნიერო კარიერასა და პროფესიულ გზას, მეცნიერმა გულწრფელად გაუზიარა თავისი აზრი შეხვადრაზე მისულებს: „მე არ მაქვს პროფესია, მე მაქვს ჰობი, რომელსაც მთელი სიცოცხლე მივუძღვენი, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ჩემი ჰობია მეცნიერება! აკეთეთ ის, რაც გიყვართ, ის რაც თქვენი ჰობია და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დიდ წარმატებას!“ 

ნობელიანტი მეცნიერი აუდიტორიამ რამდენჯერმე დააჯილდოვა ოვაციებით. სტუმარმა დიდი მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დახვედრისთვის და საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების გამო, მან აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპატიო ჯილდო იქნება სხვა საპატიო ჯილდოებს შორის, რომელიც აქამდე მიუღია. ასევე, დიდი მადლიერება გამოთქვა პერფორმანსის გამო. „ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე ჩემი აღმოჩენის ცეკვაში განსახიერება და ეს საინტერესო და სახალისო სანახაობა გამოვიდა. მადლობას გიხდით ამისთვის“. 

შეხვედრა დასრულდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით. 

პროფესორმა აარონ ჩიხანოვერმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.