შეხვედრა პროექტის - „მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მომავალი C-ს გარეშე“ ფარგლებში

შეხვედრა პროექტის - „მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მომავალი C-ს გარეშე“ ფარგლებში

მიმდინარე წლის 4 ივლისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: გენერალური დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილეები: პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე და ალექსანდრე ტურძილაძე, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი ლია ჯაბიძე, აივ ინფექცია/ შიდსის, ჰეპატიტების, TB და სგგდ სამმართველოს უფროსი მაია წერეთელი შეხვდნენ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან  მნიშვნელოვან პროექტში - „მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მომავალი C-ს გარეშე“  მონაწილეობით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  თინათინ ჩიქოვანი, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი მიქაძე.

სტუდენტებს მიესალმა დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გენერალური დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე. მან მიმოიხილა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა C ჰეპატიტის გავრცელების თვალსაზრისით. ვრცლად ისაუბრა იმ  შანსზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში. მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან საკუთარი დაავადების შესახებ, სწორედ ამიტომ გადაწყდა, განხორციელდეს პროექტი - „მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მომავალი C-ს გარეშე“. პროექტში ჩართულები იქნებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას დაავადებათა სკრინინგის და პრევენციის შესახებ.  პროექტით გათვალისწინებულია მოსახლეობის ინფორმირება არა მარტო C ჰეპატიტის, არამედ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის, ანტენატალური სერვისების და თამბაქოს მავნე ზეგავლენის შესახებაც.

პროექტში ჩართული სტუდენტები ოჯახის ექიმებთან კოორდინირებით, ეწვევიან მოსახლეობას და ადგილზე ესაუბრებიან ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე. ბატონმა ამირანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს დიდი დაინტერესებისთვის და ამ სამომავლო საქმეში მონაწილეობისთვის.

პროექტში მონაწილე სტუდენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი.