მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი პროექტის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“ _ ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტს და აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მან მადლობა მოახსენა პრეზიდენტს მობრძანებისთვის და აღნიშნა: დღეს თქვენ ხვდებით საქართველოს ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილს, არ მომერიდება ამისი გამეორება, რადგან ისეთი მაღალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე არავის აქვს საქართველოში, როგორიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. (წელს ეს ბარიერი კიდევ უფრო მაღალი იქნება - 70%, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისთვის კი, ინგლისურ ენაში - 80%).ამ ახალგაზრდებმა გადალახეს ეს მაღალი ბარიერი და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს მთელ საქართველოში. აქვე მინდა დიდი მადლიერებით აღვნიშნო იმ პროექტის შესახებაც, რომელსაც თქვენ უძღვებით და რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ისრაელის, კანადის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ჩამოდიან ლექციების წასაკითხად საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასეთი 400-მდე ვიზიტი განხორციელდა. ეს აისახა კიდეც უნივერსიტეტის იმიჯზე. ERASMUS +-ის ფარგლებში დღითიდღე იზრდება აქტივობა და ინტერესი ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ... დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 65 ქვეყნის ახალგაზრდებისთვის არის მიმზიდველი. ჩვენი სტუდენტებიდან ყოველი მესამე კი უცხოელია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს მიმართა:
„მადლობა თქვენ ამ არჩევანისთვის რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გადადგით მძიმე და სერიოზული ნაბიჯი - გადაწყვიტეთ აგერჩიათ ერ-ერთი ყველაზე ჰუმანური და ძნელი პროფესია - ექიმობა. ეს არ არის მარტო პროფესიის არჩევანი, ეს ცხოვრების სტილის არჩევანია. დიდი მისია გეკისრებათ და უამრავ სირთულესთან მოგიხდებათ გამკლავება.
მადლობა თქვენ ამ პროფესიის არჩევისთვის. ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.
მადლობა ბატონ რექტორს მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის...თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დეტალებს შევეხე როცა ჯერ კიდევ განათლების მინისტრი ვიყავი. დავინახე რა მასშტაბის და მოცემულობის სამუშაოა ჩატარებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორ ვითარდებით და რა როლს თამაშობთ ქვეყნის განვითარებაში“...
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმოიხილა შეხვედრის მიზანი: 26 მაისის დღესასწაულის - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ღირსეული შეხვედრა და აღნიშვნა. ისაუბრა პროექტის არსზე და განმარტა რა იგულისხმება პროექტის სახელწოდებაში „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“. გაიხსენა ასი წლის წინანდელი მოვლენები და შეაფასა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პროგრესის და გადარჩენის ორიენტირი. აღნიშნა რა დიდი მნიშვნელობის ფაქტი იყო, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში შეიქმნა მაღალი სტანდარტის დემოკრატიული კონსტიტუცია.
სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ პრეზიდენტთან დიალოგში, დაისვა კითხვები საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამომავლო პერსპექტივებზე.
როდესაც აუდიტორიაში მსმენელმა შეკითხვა განათლების სისტემასთან დაკავშირებით დასვა, პასუხი პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითის მოშველიებით გასცა: როგორც აღვნიშნე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დგას სწორ გზაზე, ვითარდება სწორად. სხვა რა არის საჭირო? „უნდა ჩაასხა მეტი საწვავი“, რომ შეუფერხებლად იაროს ამ გზაზე. მეტი ფული განათლების სიტემაში!
პრეზიდენტმა შეხვედრა დაასრულა სიტყვებით: თქვენ ხართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები - ქვეყნისა, რომელსაც გააჩნია თავისუფლების დიდი ისტორია ასე რომ თქვენზე უკეთ თქვენს ქვეყანას ვერავინ წარმოაჩენს.
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კიდევ ერთხელ გადაუხადა სტუმარს მადლობა საინტერესო საუბრისთვის და დასძინა, რომ 26 მაისი უდიდესი დღესასწაულია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რადგან იმ მარადიულ ღირებულებას ეყრდნობა რასაც ეროვნული იდენტიფიცირება და თავისუფლების წყურვილი ერთობლივად ქმნის.