შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება პ.მ. ამზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება პ.მ. ამზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება პ.მ. ამზა მეუღლით, კონსული ლევან ჭოლაძე და  შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის  საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანკარაში დილანი უირაკოონი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

მისმა აღმატებულებამ, შრი-ლანკის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალს შრი-ლანკელი სტუდენტების მაღალ დონეზე სწავლებისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის. აღნიშნა, რომ შრი-ლანკის სახელმწიფოს მიზნად აქვს დასახული მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან, ითანამშრომლოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში.

შრი-ლანკელი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ.

უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ აღნიშნა, რომ შრი-ლანკიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 161 სტუდენტი სწავლობს. მათგან 52 წელს ამთავრებს უნივერსიტეტს. შრი-ლანკელია თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტიც. ეს სტუდენტები გამოირჩევიან მოტივირებულობითა და მულტიკულტურულ გარემოში თავის დადებითად წარდგენის უნარით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მაღალი შეფასებისთვის. შეხვედრის დასასრულს მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მისმა აღმატებულებამ, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პ.მ. ამზამ, ასევე, სიმბოლური საჩუქარი გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს.

ამავე დღეს სტუმრები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრი-ლანკელ სტუდენტებს, მათგან მოისმინეს ინფორმაცია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის შესახებ და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საქართველოში ძალიან ნაყოფიერი წლები გაატარეს.