თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ მურთაზაშვილი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარმი“- ს ხარისხის მიმართულების დირექტორი გახდა. ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარმი“ ფაგების ისტორიული საწარმოა, რომელიც დაახლოებით 80 წელია რაც ფარმაცევტულ საქმიანობას ეწევა.
მარიამ მურთაზაშვილი 2010 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტზე, 2014 წელს საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სრული სამაგისტრო გრანტით, სწავლა განაგრძო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - „ფარმაცევტული ანალიზი“, რომელიც 2016 წელს წარმატებით დაასრულა.
მარიამ მურთაზაშვილის განცხადებით, სწორედ მაგისტრატურამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მის კარიერულ განვითარებასა და საბოლოო პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.
,,მაგისტრატურაზე სწავლისას უშუალო კავშირი მქონდა ჩემი სფეროს წამყვან სპეციალისტებთან. ორწლიანი სასწავლო პროგრამა დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით, შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა ქვეყანის წამყვან კომპანიებსა და ლაბორატორიებში, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში. ვიღებდი სპეციფიურ ცოდნას, ვეცნობოდი იმ სამუშაოებსა და კონკრეტულ პროფესიებს, სადაც მომავალში საკუთარი თავის რეალიზება შემეძლო“.
ამჟამად მარიამ მურთაზაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტია და აქტიურად მუშაობს სამეცნიერო თემაზე ,,ბიოლოგიურ სითხეებში სინთეზური კანაბინოიდების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზის მეთოდების ოპტიმიზაცია“.
,,სადოქტორო თემის ძირფესვიან კვლევასა და განვითარებაში კვლავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წამყვანი ლექტორები მეხმარებიან“ -აღნიშნავს მარიამ მურთაზაშვილი.
კითხვაზე, თუ რას ურჩევდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მისი წარმატების მაგალითზე, მარიამი პასუხობს - ,,ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩემი მთავარი რჩევა იქნება აუცილებლად გაიარონ ფარმაცევტული პროფილის სამაგისტრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რათა მომავალში საკუთარი თავის უკეთ რეალიზაცია შეძლონ. სწავლის პერიოდში ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკულ სამუშაოებში აქტიური ჩართულობა, რომელსაც თსსუ მათ სთავაზობს. სტუდენტებს საკუთარი თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა სწორედ პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას ეძლევათ, რაც სწავლის პროცესს ბევრად საინტერესოს და ამავდროულად ეფექტიანს ხდის“.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს მარიამ მურთაზაშვილს ამ დიდ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს!
მარიამ მურთაზაშვილის შესახებ სტატია ჟურნალ ,,Forbes “- ში