თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინტიტუტის ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერი ალანიას დიდი აღიარება

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინტიტუტის ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერი ალანიას დიდი აღიარება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინტიტუტის ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია ერთ-ერთია საქართველოს გამომგონებელ ქალთა სიიდან, ვისი დამსახურებითაც საქართველო ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ქალთა ასოციაციის - „გამომგონებელ ქალთა საერთაშორისო კვლევის ცენტრის” - მონაცემებით, სახელმწიფოთა ათეულში შევიდა.

პროფესორ მერი ალანიას ეკუთვნის ჰიპოაზოტემიური და დიურეზული მოქმედების სამკურნალო პრეპარატი - "ფლარონინი"- რომელიც 1985 წლიდან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ აქტიურად გამოიყენება.

პროფესორი მერი ალანია გახლავთ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004 წელი), სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამეცნიერო ფორუმებში, გახლავთ მრავალი სტატიის ავტორი, დამსახურებული აქვს საპატიო სიგელები, საიუბილეო მედალი, საინსტიტუტო პრემიები,  ასევე ეკუთვნის პატენტები:

„რობინინის მიღების ხერხი“ - 2013 წ.

„ჰიპოაზოტემიური მოქმედების მქონე საშუალება მცენარე Pueraria hirsuta Matsum. - ის ფოთლებიდან“ -  2012 წ.

„პროსტატის ადენომის სამკურნალო პრეპარატი“ - 2008 წ.

„ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სამკურნალო მალამო“ - 2008 წ.

„უმაღლესი სისუფთავის რობინინის მიღების ხერხი“ - 1998 წ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ქალბატონ მერი ალანიას ამ დიდ წარმატებას!