თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ აქტიურად გრძელდება და დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის მიზანია IX-XII კლასის მოსწავლეებში სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს პოპულარიზაცია, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ინტერაქციული და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული შეხვედრების საშუალებით ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთ გაიცნონ სამედიცინო პროფესიების მრავალფეროვნება და უშუალოდ ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში.
მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თსსუ-ის წარმომადგენლები რუსთავის N4 საჯარო სკოლას მეორედ ეწვივნენ. განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მანამდე ვერ დაესწრნენ შეხვედრას, კვლავ მოეწყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ აქტივობებს აერთიანებდა.
პრაქტიკული გამოცდილება – პირველადი დახმარება
თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის გამოცდილმა ინსტრუქტორებმა მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლები გააცნეს. თეორიული ნაწილის შემდეგ ახალგაზრდებმა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა და შეისწავლეს:
• გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ბაზისური პრინციპები;
• უსაფრთხო გარემოს შეფასება და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ძირითადი წესები;
• სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოღების ტექნიკა;
• სპეციალურ მანეკენებზე სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა, ნახვევების დადება და სიმულაციური სისხლდენის შეჩერება.
მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და დადებითი შეფასებები
შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით საინტერესო მათთვის პრაქტიკული ნაწილი აღმოჩნდა – სამედიცინო მანიპულაციების შესრულება, მულაჟებზე მუშაობა და სხვადასხვა პროცედურის გაცნობა. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ სავარჯიშოებში, სვამდნენ კითხვებს და ინსტრუქტორებისგან დეტალურ განმარტებებს იღებდნენ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოევლინათ მიღებული ცოდნა და აქტიურად ჩართულიყვნენ ინტერაქციულ პროცესში. ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
მოსწავლეების შეფასებით, მსგავსი შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რადგან შესაძლებლობას აძლევს, საკლასო გარემოს მიღმა, პრაქტიკული საქმიანობის გზით გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს. შეხვედრამ კიდევ უფრო გააღრმავა მათი ინტერესი მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართ და უნივერსიტეტში სტუმრობის სურვილიც გაუჩინა.
პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს, საგანმანათლებლო აქტივობებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ორგანიზებას.
პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობასა და მეგობრობას სხვადასხვა რეგიონისა და დედაქალაქის სკოლებთან. ორმხრივი ვიზიტების (თსსუ-ის სტუმრობა სკოლებში და მოსწავლეების მასპინძლობა უნივერსიტეტში) ფორმატმა თსსუ-ის შესაძლებლობლობა მისცა პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთო როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები და უფრო ფართოდ გაეცნო მათთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო და შესაძლებლობები.