თსსუ-ის ემერიტუსს ნუგზარ უბერს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

თსსუ-ის ემერიტუსს ნუგზარ უბერს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

2023 წლის 30 სექტემბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  

დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

„მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ვალდებულება ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებია, თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება. დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა  საპატიო თბილისელის წოდებით დედაქალაქისთვის ღვაწლმოსილი და გამორჩეული 26  მოქალაქე დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ამ საპატიო წოდების მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი  ნუგზარ უბერი გახდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ბატონ ნუგზარს ამ კიდევ ერთ დიდ აღიარებას და ჯანმრთელობას და  წელთა სიმრავლეს უსურვებს მას!