თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი ლამზირა ებრალიძე, DAAD-ის კვლევითი გრანტის ფარგლებში, 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 8 აგვისტომდე იმყოფებოდა ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტში. 10 თვის განმავლობაში დოქტორანტი ასრულებდა სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ ამოცანებს ტრანსფუზიური მედიცინის ინსტიტუტში, პროფესორ ჰანს ბოიმლერის ხელმძღვანელობით.
ლამზირა ებრალიძე ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროგრამით 2018-2019 სასწავლო წელს (02.10.2018- 31.01.2019) ოთხი თვით იმყოფებოდა აღნიშნულ კვლევით ინსტიტუტში. სწორედ თსსუ-ის ეს შესაძლებლობა გახდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საწინდარი. შედეგად ლამზირა ებრალიძემ გერმანელი პროფესორის რეკომენდაციითა და ხელმძღვანელობით 2019-2020 სასწავლო წელს მოიპოვა საგრანტო დაფინანსება DAAD-ის ერთწლიანი კვლევითი პროგრამის ფარგლებში.
საგრანტო პროექტის კვლევის საგანს წარმოადგენდა ბიოდეგრადირებადი პოლიმერის საფუძველზე ნანოკომპოზიციის შემუშავება, მისი კეთილხარისხოვნების მაჩვენებლების განსაზღვრა და ბიოლოგიური აქტივობის შეფასება.
თსსუ-ის დოქტორანტი ლამზირა ებრალიძე აქტიურად იყო ჩართული შარიტეს ტრანსფუზიური მედიცინის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში. მას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა პროფესორ ჰანს ბოიმლერის მკვლევართა გუნდის გამოცდილებას წამლის მიზანმიმართული მიწოდების სისტემების შემუშავების და ბიოლოგიური შეფასების საკითხებში. დოქტორანტმა აითვისა ნანონაწილაკების კეთილხარისხოვნების მაჩვენებლების შეფასების და უჯრედულ კულტურებზე ბიოლოგიური აქტივობის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში ერთობლივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა.