ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ჯგერენაია ქ. ტულუზას უნივერსიტეტის მეტაბოლურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინსტიტუტში

ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ჯგერენაია ქ. ტულუზას უნივერსიტეტის მეტაბოლურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინსტიტუტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტმა გიორგი ჯგერენაიამ, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ლაშა მსხილაძის შუამდგომლობით,  საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ,,Campus France“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში - „სტიპენდიები ახალგაზრდა დოქტორანტებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. გიორგიმ კონკურსში წარდგენილი პროექტით მოიპოვა დაფინანსება. იგი  2020 წლის  16 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, საფრანგეთში, ქ. ტულუზას უნივერსიტეტის მეტაბოლურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინსტიტუტში (Institut des Maladies Métaboliques et Cardiovasculaires) იმყოფებოდა.

პროექტის ფარგლებში გიორგიმ კოლეგებთან ერთად აღნიშნულ ინსტიტუტში სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული in vitro - ბიოლოგიური კვლევები შეასრულა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეისწავლა საქართველოში მოზარდი გვარი Allium-ის ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტები.  შესწავლილ იქნა კვლევის ობიექტებიდან მიღებული ჯამური ექსტრაქტისა და გამდიდრებული ფრაქციების: ციტოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება in vitro და RT-qPCR კვლევებით სხვადასხვა უჯრედულ კულტურებზე.

„მადლობა მინდა გადავუხადო ფრანგ კოლეგებს გულთბილი მიღებისთვის და აქტიური სამეცნიერო თანამშრომლობისთვის დაგეგმილი ამოცანების წარმატებით შესრულებაში. ასევე, მადლობა ჩემს ფრანგ ხელმძღვანელს ქალბატონ ნატალი ოჟეს (Nathalie AUGÉ), საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და ორგანიზაცია ,,Campus France“-ს. აღსანიშნავია ფრანგი კოლეგების თანამშრომლობის სურვილები სამომავლო ერთობლივი კვლევებისა და უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიმართულებით“ - აღნიშნავს გიორგი ჯგერენაია.