თსსუ-ის თერაპიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორების ვიზიტი ამერიკის გულის ასოციაციის კონგრესზე

თსსუ-ის თერაპიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორების ვიზიტი ამერიკის გულის ასოციაციის კონგრესზე

2019 წლის 14-19 ნოემბერს თერაპიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორები: მაკა და თეა გეგენავები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში (ფილადელფია, პენსილვანია) ამერიკის გულის ასოციაციის კონგრესზე (AHA 2019), სადაც მოხსენებით წარსდგნენ ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მომზადებული სამეცნიერო პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პროექტის შესახებ მასალა უკვე დაიბეჭდა  ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში ’’ Circulation’’. 

კონგრესზე მათ ამერიკის გულის ასოციაციის პრეზიდენტის, რობერტ ჰარინგტონისგან მიიღეს პრესტიჟული   ’’Paul Dudley White’’ - ის სახელობის საპატიო ჯილდო. პოლ დადლი ვაიტი იყო ამერიკის გულის ასოციაციის დამაარსებელი და თანამედროვე კარდიოლოგიის  ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი სახელობის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ამერიკის დამსახურებულ მეცნიერებს და მეცნიერთა ჯგუფებს ევროპის ქვეყნებიდან.

მაკა გეგენავამ და თეა გეგენავამ, ასევე, მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერთა ჯილდო ვიცე - პრეზიდენტ - ივორ ბენჯამინისგან და მილოცვები ამერიკის და ევროპის წამყვანი  უნივერსიტეტების წარმომადგენლებისაგან, დაესწრნენ ასოციაციის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღების  ცერემონიალს, რომელიც  ნომინანტებისთვის გაიმართა.

ამერიკის გულის ასოციაციის კონგრესზე, დარგის წამყვანი ექსპერტების მიერ განხილული იყო თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევები და მისი იმპლემენტაციის გზები კლინიკურ პრაქტიკაში.

ასისტენტ-პროფესორების: მაკა და თეა გეგენავას ვიზიტი აშშ-ში გახლდათ ძალიან ნაყოფიერი. ღონისძიების განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ და დაესახათ შემდგომი თანამშრომლობის გეგმები ჯონ ჰოპკინსის და დუკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.