თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი კატანიის უნივერსიტეტში

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი კატანიის უნივერსიტეტში

2022 წლის 20-23 აპრილს კატანიის (იტალია) უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ირმა მანჯავიძე და შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი  იმყოფებოდნენ.

ვიზიტისას თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ ტრენინგს OSCE-ის  დაგეგმვისა და ჩატარების შესახებ.  

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის პარტნიორი უნივერსიტეტი ERASMUS+  პროექტის   „სიმულაცია დიპლომამდელ  სამედიცინო განათლებაში პაციენტის უსაფრთხოებისა და  მოვლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ (პროექტის ნომერი 618812-EPP-1-2020-1-GE-CBHE-JPOSCE). 

ღონისძიების ფარგლებში გამართულ სესიებზე მოხსენებები წარმოადგინეს პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების პროფესორებმა და ექსპერტებმა.

ტრეინინგის მსველობისას დეტალურად იქნა განხილული OSCE-ის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი. ცალკეული პრეზენტაციები  მიეძღვნა OSCE-ის სცენარების შემუშავებას და საგამოცდო სადგურების განსაზღვრას.

სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა სტანდარტულ პაციენტთან კომუნიკაციას, მათი უფლებებისა და კონფიდენციალობის დაცვას, პაციენტის ინფორმირებას  სამომავლო გამოკვლევებისა და ქირურგიული ჩარევების შესახებ.

ღონისძიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა პროექტის კონსორციუმის მონაწილე ქვეყნების ჯგუფური მუშაობა კონკრეტული დავალების მიხედვით. წარმოდგენილი იქნა უკრაინის, სომხეთის და საქართველოს წარმომადგენელთა პრეზენტაციები, რასაც მოჰყვა საინტერსო განხილვა და დისკუსია. 

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს  კატანიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიომედიცინისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის (Biometec)  სასწავლო კორპუსები, მათ შორის ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგიის სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური ცენტრი და სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი სასწავლო სივრცეები.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის დაიგეგმა სამომავლო აქტივობები  სიმულაციური სწავლების  გაძლიერების მიმართულებით.