თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტუდენტურ ფესტივალში - „სტუდფესტი 2025“. ფესტივალის ფარგლებში, 8-9 მაისს ჩატარდა ტურნირები სპორტის ცხრა სახეობაში, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს და შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
შაშში და დარტსში (ბიჭები) თსსუ-ის სტუდენტებმა პირველი ადგილები დაიკავეს. გუნდური მკლავჭიდის შეჯიბრში უნივერსიტეტის გუნდი მესამე ადგილს დაეუფლა, შემდეგ წონით კატეგორიებში: 60 კგ (მარცხენა ხელი), 90 კგ (მარჯვენა ხელი) და 100 კგ (მარჯვენა ხელი). განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ სტუდენტებს 100 კგ-ზე მეტი წონის კატეგორიაში: როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ასპარეზობაში, მათ პირველი ადგილები მოიპოვეს. ასევე აღსანიშნავია კარტინგის შეჯიბრი, სადაც თსსუ-ის წარმომადგენელმა მესამე ადგილი დაიკავა.
,,სტუდფესტი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
ღონისძიება ემსახურება: ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას; ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს შორის კულტურული და შემოქმედებითი იდეების გავრცელებას; ინტერაქტიური აქტივობების საშუალებით სტუდენტების პროფესიული და ინტელექტუალური უნარების განვითარებას; ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და ინოვაციური იდეების წარმოსახვის ხელშეწყობას; ერთიანი სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტები შეძლებენ ურთიერთობას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის მიღებას.
ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას „სტუდფესტში“. ახალგაზრდული ფესტივალი, გარდა სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული და მოხალისეობრივი მიმართულებისა, გულშემატკივრის პრიზსაც ითვალისწინებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის სტუდენტებს და წარმატებებს უსურვებს ფესტივალის მომდევნო ეტაპებზე!