თამარ დეკანოსიძის დაბადებიდან  90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

თამარ დეკანოსიძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

2013 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, აკადემიკოსის, აკადემიის წევრ–კორესპოდენტის თამარ დეკანოსიძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

     

საიუბილეო სხდომის ფარგლებში სპეციალური სამეცნიერო სესია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი, აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი.

სესიაზე კოლეგების მიერ წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

– „რეპროდუქციული ასაკის ქალთა საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის მორფოლოგია ჰიპოთირეოზის ფონზე“ – პროფესორი ლიანა გოგიაშვილი, თსუ–ის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

– „ეპითელიურ–მეზენქიმიური ტრანსფორმაცია – ქართული პრიორიტეტი ფენომენის აღმოჩენაში“ – მიხეილ ჯანგავაძე, მედიცინის დოქტორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკის ცენტრი.

– „საშვილოსნოს ტანის გლუვკუნთოვანი სიმსივნეების იშვიათი ფორმების პათოგენეზი“ – ნანა გოიშვილი,  მედიცინის დოქტორი, თსუ–ის მორფოლოგიის კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკის ცენტრი.

– „ძუძუს მეტასტაზური დაზიანება – დიაგნოსტიკური დილემა“ – მაია მჭედლიშვილი, მედიცინის დოქტორი, თსუ–ის მორფოლოგიის კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკის ცენტრი.

– „გულის პირველადი კაპოშის სარკომა არა აივ–ინფიცირებულ პაციენტებში“ – მიხეილ ჯანგავაძე, მედიცინის დოქტორი, თსუ–ის მორფოლოგიის კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკის ცენტრი.

სამეცნიერო სესია შემაჯამებელი გამოსვლებით დაასრულეს პროფესორებმა: ზურაბ ცაგარელმა, თეიმურაზ ჯორბენაძემ და რევაზ კაპანაძემ.

სამეცნიერო სესიის დასრულების შემდგომ გაიმართა აკადემიის წევრ–კორესპოდენტის თამარ დეკანოსიძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

     

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის სამედიცინო დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის ძირითადი ასპექტების შესახებ და აღნიშნა, რომ აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე არის მთელი ეპოქა ქართული მედიცინის ისტორიაში, რომ იგი გახლავთ სიმბოლო ქალის, მეცნიერის, პიროვნების, პროფესიონალის და საზოგადო მოღვაწის.


აკადემიის წევრ–კორესპოდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ომარ ხარძეიშვილმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ჩიხლაძემ.

საიუბილეო სხდომაზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „თამარ დეკანოსიძე“.

     
     
     

მოგონებებით კოლეგების წინაშე წარსდგნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი, პროფესორები: რევაზ კაპანაძე, ლიანა კიკალიშვილი, ბიძინა ჭუმბურიძე, ავთანდილ ჯორბენაძე, ზურაბ კაციტაძე.