თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის, საქართველოს ულტრასონოგრაფიის ასოციაციისა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის განყოფილებების ორგანიზებითა და ევროპის კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თანადგომით ჩატარდა.

კონგრესის მიზანს ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის სფეროებში მიღწეული უახლესი შედეგების, აქტუალური კლინიკური გამოწვევების, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებისა და მკურნალობის ინოვაციური სტრატეგიების განხილვა წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის ექიმები, რეზიდენტები და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტერვენციული რადიოლოგიის, ტკივილის მართვისა და  ინვაზიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით. კონგრესის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს დარგის წამყვანმა ექსპერტებმა საქართველოდან, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

კონგრესის პირველი დღე ინტერვენციული რადიოლოგიის აქტუალურ საკითხებს დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღვიძლის სისხლძარღვებისა და სანაღვლე გზების ანატომიაზე, ღვიძლის სიმსივნეების აბლაციურ და ტრანსარტერიულ მკურნალობაზე, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომებსა და ვარიკოზული სისხლდენის ენდოვასკულარულ მართვაზე.

სამეცნიერო სესიების მეორე დღეს განხილული იყო ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობები პანკრეასის პათოლოგიების მართვაში, კიბოს აბლაცია, როგორც in situ ვაქცინაციის მეთოდი, აგრეთვე ღვიძლისა და პანკრეასის სიმსივნეების მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის საკითხები - ინტერვენციული რადიოლოგიის, იმუნოთერაპიისა და ქირურგიული მკურნალობის როლის გათვალისწინებით.

პროგრამა, ასევე მოიცავდა მულტიმოდალური ტკივილის თერაპიისა და ონკოლოგიური ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომებს, ძვალსახსროვანი სისტემის ემბოლიზაციას, თორაკალურ ემბოლიზაციას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებში ულტრაბგერითი კვლევისა და ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობებს, ასევე პროსტატის პათოლოგიების შეფასებასა და მართვაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მნიშვნელობას.

კონგრესის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა ხელი შეუწყო ინტერვენციული რადიოლოგიის თანამედროვე მიღწევებისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას, მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გაღრმავებასა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე პროფესიულ მსჯელობას.

ღონისძიება შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეაჯამეს კონგრესის ძირითადი საკითხები და წარმოადგინეს დასკვნითი მოსაზრებები.

ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომელიც 2026 წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ამ მიმართულების განვითარების, საერთაშორისო პროფესიული კავშირების განმტკიცებისა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობის თვალსაზრისით.