სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები და აკადემიური წარმატება - ამ თემას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026, რომელიც 12-13 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა.
ECCES 2026 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კენ უოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ‘’ემორის’’ უნივერსიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორობით გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერები, მათ შორის WFME-ის, AMEE-ისა და AMSE-ის ხელმძღვანელები, „ემორის“ უნივერსიტეტისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლები, სამედიცინო და უმაღლესი განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსიები, თემატური ტრენინგები და მასტერკლასები. მონაწილეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების თანამედროვე ტენდენციები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიების მიზანი იყო სამედიცინო განათლების სფეროში ახალი იდეების გაცვლა, ინოვაციური მიდგომების განხილვა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ემორის“ უნივერსიტეტის ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა; კენ უოლკერის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ავსტრიანმა.
ღონისძიება კენ უოლკერის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჰენრი კენეტ უოლკერი იყო "ემორის" უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე. მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.