თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმმა-პათოლოგანატომმა მანანა ჯიქურაშვილმა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირება გაიარა

თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმმა-პათოლოგანატომმა მანანა ჯიქურაშვილმა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირება გაიარა

2022 წლის 1 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი-პათოლოგანატომი მანანა ჯიქურაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა. 

თსსუ-ის ორგანიზებითა და თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის ირმა კვიცარიძის მხარდაჭერით, მანანა ჯიქურაშვილი აღნიშნული კლინიკის პათოლოგიის განყოფილებაში სტაჟირების ფარგლებში გაეცნო პათოლოგიური სერვისების თანამედროვე მეთოდებს. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორია ავსტრიაში ერთადერთი ციფრული ლაბორატორიაა, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ, მაქსიმალურად სწრაფ და სწორ დიაგნოსტიკას ჰემატოპათოლოგიის, ნეიროპათოლოგიის, რბილი ქსოვილების პათოლოგიის მიმართულებით.   

“ჩემთვის შთამბეჭდავია ის ფაქტი, როგორი რეალურია ეს დარგი გახდეს ყოველდღიური დიაგნოსტიკის განუყოფელი ნაწილი.  

პირველივე დღიდან სტაჟირების მთელი პერიოდის მანძილზე, პათოლოგანატომებთან ერთად სრულად ვიყავი ჩართული დიაგნოსტიკაში. დღის მანძილზე მათთან ერთად განვიხილავდი სხვადასხვა შემთხვევებს. განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ექსპრეს-დიაგნოსტიკა, ე.წ. გაყინული ანათალების დიაგნოსტიკა ინტრაოპერაციულად.

გარდა ამისა, მთელი სტაჟირების მანძილზე, ყოველდღიურად განვიხილავდი საშუალოდ 15-20 საკონსულტაციო შემთხვევას.

მადლობა ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელს, ქ-ნ ირმა კვიცარიძეს, რომლის მხარდაჭერით სტაჟირება კარგად ორგანიზებული და ძალიან პროდუქტიული იყო”, - ამბობს ექიმი-პათოლოგანატომი მანანა ჯიქურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების დასასრულს, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიაში გამოითქვა აზრი და მზაობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობაზე, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ონკოლოგიური სერვისის გაუმჯობესებისთვის.