თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

2022 წლის 19 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივ ხელშეკრულებას პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან (პოლტავა, უკრაინა).

უკრაინის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვიაჩესლავ ჟდანი, რომელსაც ადგილზე წარმოადგენდა თსსუ-ის დიდი ხნის მეგობარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო სტომატოლოგიური კოლეგიის (ICD) ევროპის სექციის, მე-15  დეპარტამენტის რეგენტი (დეპარტამენტი აერთიანებს უკრაინას, მოლდოვას, ჩეხეთს, პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს), უკრაინის ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის დამფუძნებელი, პოლტავის სტომატოლოგიური  კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ კლინიკური ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკი.

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ღონისძიებას, თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ-ის საპატიო დოქტორ სერგეი რადლინსკის გარდა, ესწრებოდნენ: თსსუ-ის უკრაინელი სტუმარი, პოლტავის სტომატოლოგიური კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ სასწავლო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი -  ვერა რადლინსკა; თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი; აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარატმენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვა; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და თსსუ-ის მოწვეული პედაგოგი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე.  

ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე სტუმრებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობაზე და იმედი გამოთქვეს, რომ მალე უკრაინა შეძლებს სტაბილიზაციისა და მშვიდობის დამყარებას, ასევე საგანმანათლებლო პროცესის ფიზიკური დასწრებით  წარმატებულ წარმართვას.

„პოლტავაში რომ დავბრუნდები, აუცილებლად ვიტყვი, რომ პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამოაგზავნოს დელეგაცია. მიხარია, რომ აქ შეიძლება ისწავლო, როგორ გახდე წარმატებული და მიმზიდველი საერთაშორისო დონეზე, როგორ მიაღწიო მაღალ სტანდარტებს სწავლებასა და სამეცნიერო საქმიანობაში. შემიძლია, გულწრფელად გითხრათ: ყოჩაღ თქვენ! თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამაგალითოა!“, - განაცხადა სერგეი რადლინსკიმ შეხვედრის დასასრულს.