თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა, რომლებიც აშშ-ის რეზიდენტურის კონკურსში მონაწილეობდნენ. რვა მათგანი აშშ-ის რეზიდენტურაში სწავლას მიმდინარე წლის ივნისიდან განაგრძობს.
შეხვედრის ინიციატორები იყვნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელობა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება თსსუ-ში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ჯოელ ფელნერი - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუსი-პროფესორი; პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი -ამერიკის არმიის სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მკვლევარი კრისტი მარტინი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა თსსუ-ის კურსდამთავრებულებს წარმატებები მიულოცა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს მრავაწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთან. ხაზგასასმელია, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას რეზიდენტურაში და შემდგომ, ისინი საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ამერიკული პროგრამის არსებობის მცირე პერიოდში ოცდაათი კურსდამთავრებული აგრძელებს აშშ-ის რეზიდენტურაში სწავლას. მათ რიცხვს წელს კიდევ რვა ახალგაზრდა შეუერთდა.
როდესაც ვსაუბრობთ ამერიკულ პროგრამაზე, შეუძლებელია ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ ჩვენი პარტნიორების, მეგობრების, დღევანდელი სტუმრების მიმართ“, - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაში ჩართულ პროფესორებს ნაყოფიერი მუშაობისთვის და მოწვეულ სტუმრებს პროდუქტიული პარტნიორობისთვის, ასევე, კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა.
აშშ-ში სწავლას განაგრძობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შემდეგი კურსდამთავრებულები:
მარიამ ფესტვენიძე - შინაგანი მედიცინა, Ascension Saint Francis, ილინოისის შტატი, ქალაქი ევანსტონი;
თეკლე დარციმელია - შინაგანი მედიცინა, ტაფტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან აფილირებული Mass General Brigham/Salem Hospital, მასაჩუსეტსის შტატი;
სოფია ფირცხალავა - შინაგანი მედიცინა, Wellstar Cobb Medical Center-ში, ჯორჯიის შტატი;
ზურა კაციტაძე - ნევროლოგია, სამხრეთ ალაბამას უნივერსიტეტი, ქალაქი მობილი, ალაბამას შტატი;
ლუკა აბაშიშვილი - საოჯახო მედიცინა, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი, სანტა-ფე, ნიუ-მექსიკოს შტატი;
მარიამ გიგილაშვილი - ნევროლოგია, ლინკოლნის სამედიცინო ცენტრი, ნიუ იორკი,ნიუ იორკის შტატი;
მარიამ გაბადაძე - ნევროლოგია, ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტი, სიუ-ფოლსი, ჩრდილოეთ დაკოტას შტატი;
რეშმა მიკკი შაჯი - შინაგანი მედიცინა, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბაკერსფილდი, კალიფორნიის შტატი.