თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ბონის უნივერსიტეტის გენომური სტატისტიკის და ბიოინფორმატიკის ინსტიტუტთან ისეთი საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, როგორებიცაა Face2Gene და GestaltMatcher. აღნიშნულ პროექტებში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება იშვიათი გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტების სახის ფოტო სურათების და ფენოტიპური მახასიათებლების ანალიზი და მათი დაკავშირება სხვადასხვა სინდრომებთან დიაგნოზის დასმის თვალსაზრისით. ორივე პროგრამა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.
ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი ერთობლივი პროექტი Deeplasia და Bone2Gene.
პროექტი Deeplasia მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხელის მტევნის რენტგენის სურათის ანალიზს ძვლის ასაკის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ვალიდურია, როგორც ნორმალური, ისე ჩონჩხის დისპლაზიის მქონე პაციენტებზე და მაღალი სიზუსტით ადგენს ძვლის ასაკს (იხ. Deeplasia-ს სტატია).
პროექტი Bone2Gene მოიცავს ხელოვნური ინტელექტის უნიკალური ვიზუალიზაციის პატერნის გამოყენებით ხელის მტევნის რენტგენის სურათის ანალიზს, რათა დაუკავშიროს ის სხვადასხვა სინდრომს და დაეხმაროს კლინიცისტებს დიაგნოსტიკაში. აღნიშნულით შესაძლებელი იქნება იმ სირთულეების შემცირება, რომელთაც აწყდებიან ჩონჩხის იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ოჯახები. ამჟამად მონაცემთა ბაზა მოიცავს 30 სხვადასხვა სინდრომის მქონე 1000-ზე მეტი ადამიანის დაახლოებით 2500 ხელის მტევნის რენტგენის სურათს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
პროფესორ თინათინ ტყემალაძის ინიციატივით ბონის უნივერსიტეტთან გაზიარდა 800-ზე მეტი ხელის მტევნის რენტგენის სურათი გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკიდან და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან. აღნიშნულმა განაპირობა ხელოვნური ინტელექტის მუშაობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება როგორც ძვლის ასაკის, ისე სხვადასხვა იშვიათი დაავადების დასადგენად. პარალელურად, ჩატარდა კვლევა, სადაც შვიდმა ქართველმა ექიმმა სათითაოდ შეაფასა 400 ხელის მტევნის რენტგენის სურათი ძვლის ასაკის დასადგენად. ექიმების მონაცემები შედარდა ხელოვნური ინტელექტის მუშაობას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ერთობლივი პუბლიკაციის სახით მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში (კვლევის დეტალები იხილეთ აქ).
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოსთან ერთად, Bone2Gene-ის კოლაბორატორებს წარმოადგენენ სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკები და სამედიცინო ცენტრები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, სამხრეთ აფრიკა, შეერთებული შტატები და ავსტრალია.
პროექტების Deeplasia და Bone2Gene მხარდამჭერები არიან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორცაა CrescNet, ERN-ITHACA და GestaltMatcher.