თსსუ-ის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ლუდვიგ-მაქსიმილიანის  საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ

თსსუ-ის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ლუდვიგ-მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ

2023 წლის 20 იანვრიდან 14 აპრილამდე პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის გაცვლითი პროგრამით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: თინათინ ბუხრაშვილი, არჩილ ბერიძე და კონსტანტინე ჩხაიძე სტაჟირების გასავლელად ლუდვიგ-მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქ. ლანდსჰუტი, გერმანია) იმყოფებოდნენ.

სამთვიანი სტაჟირების ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებმა პრაქტიკული და თეორიული სწავლების კურსები კლინიკის ქირურგიულ და თერაპიულ განყოფილებებში გაიარეს.

„თერაპიულ განყოფილებებში საშუალება გვქონდა, ექიმთა მეთვალყურეობით თავად მიგვეღო და  გაგვესინჯა პაციენტები, შეგვედგინა ავადმყოფობის ისტორია და ჩაგვეტარებინა სონოგრაფიული გამოკვლევა. ქირურგიულ განყოფილებებში, კი, ყოველდღიურად ვესწრებოდით ოპერაციებს, ქირურგებს ვუწევდით ასისტირებას. 

გარდა ამისა, ვესწრებოდით კონფერენციებს, სადაც საშუალება გვეძლეოდა მონაწილეობა მიგვეღო ულტრასონოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევების შეფასებაში.

ასევე, კვირაში 3-ჯერ გვიტარდებოდა ლექციები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული და პათანატომიური მიმართულებებით.

ძალიან მადლიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა 3 თვე გაგვეტარებინა ლუდვიგ-მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო კლინიკაში და მიგვეღო უდიდესი გამოცდილება.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პროფესორ გიორგი გრიგოლიასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისათვის.“, - ამბობენ თსსუ-ის სტუდენტები.

ცნობისთვის, თსსუ-ის საპატიო დოქტორების, ავსტრიელი და გერმანელი პროფესორებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების (რომლებიც ავსტრიასა და გერმანიაში მუშაობენ) დახმარებით, ყოველ წელიწადს 200-მდე სტუდენტი, რეზიდენტი და ახალგაზრდა სპეციალისტი თსსუ-ის სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში გადის სტაჟირებას.