თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი, პროფესორი აქსელ რიხტერი და  ჟურნალისტი და ექსპერტი, დოქტორი ბირგიტ ვეტცელი (გერმანია) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი, პროფესორი აქსელ რიხტერი და ჟურნალისტი და ექსპერტი, დოქტორი ბირგიტ ვეტცელი (გერმანია) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: თსსუ-ის საპატიო დოქტორი, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის მედიცინის ემერიტუსი-პროფესორი, სამედიცინო მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი; კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ნორტჰეიმის ალბერტ შვეიცერის ჰელიოს კლინიკის ზოგადი და ვისცერული ქირურგიის მთავარი ექიმი და ქირურგიის დეპარტამენტების სამედიცინო დირექტორის მოადგილე, ჰილდესჰაიმის ჰელიოს კლინიკის მთავარი ექიმი, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ რიხტერი და  ჟურნალისტი, ექსპერტი, დოქტორი ბირგიტ ვეტცელი.

სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი სოფიო ბახტაძე; მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია; უცხოური ენების ცენტრის დირექტორი ნინო მაჭავარიანი და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, გერმანელ სტუმრებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. სტუმრებმა პრეზენტაცია დიდი ინტერესით მოისმინეს და თსსუ-ის განვლილი გზა უაღრესად დადებითად შეაფასეს. 

თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ჰელმუტ ჰანმა აღნიშნა: „დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ კვლავ მომეცა საშუალება ჩამოვსულიყავი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც გასულ წლებთან შედარებით ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი შევნიშნეთ. აქ მოტივირებული და მომავალზე ორიენტირებული პროფესურა და სტუდენტები არიან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტია. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა პანდემიამ შეაფერხა, მაგრამ ახლა შეგვიძლია კვლავ წარმატებულად და საინტერესოდ ვითანამშრომლოთ. ამასთანავე, მინდა დიდი პატივისცემით გადმოგცეთ გერმანულენოვანი წიგნი „სამედიცინო მიკრობიოლოგია და ინფექტოლოგია“, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ. იმედი მაქვს, თქვენი სტუდენტებისთვის, რომელთა ნაწილმაც შესანიშნავად იცის გერმანული, ეს წიგნი სასარგებლო იქნება“.

პროფესორმა აქსელ რიხტერმა თსსუ-ის ისტორიას „წარმატების ისტორია“ უწოდა: „ეს მართლაც დიდი წარმატების ისტორიაა. ჩვენ ვნახეთ გერმანული უნივერსიტეტების და კლინიკების ჩამონათვალი, რომლებთანაც თქვენ გაკავშირებთ დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა, მათ შორის არ იყო ის უნივერსიტეტი, რომელსაც მე წარმოვადგენ. მინდა, თანამშრომლობის სურვილი გამოვხატო. ჩვენ ძალიან საინტერესოდ ვმუშაობთ, განსაკუთრებით ონკოლოგიური მიმართულებით. გვინდა, მოგიწვიოთ ჩვენს კლინიკებში, შემოგთავაზოთ ლექციები და მასტერკლასები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“.

დოქტორი ბირგიტ ვეტცელი აღფრთოვანებული იყო საქართველოთი: „წლებია, ჩამოვდივარ კავკასიის ქვეყნებში, საქართველო ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. დიდი სურვილი მაქვს, გერმანიის სამედიცინო უნივერსიტეტებსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა არსებობდეს. ეს ორმხრივად საინტერესო პერსპექტივად მესახება“.

ვიზიტის შემდეგ გერმანელთა დელეგაცია ეწვია თსსუ-ის  კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს.  ნანახი კიდევ ერთხელ შეაფასეს როგორც პროგრესი და მიზანმიმართული განვითარება, რაც აისახება კიდეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ავტორიტეტსა და საერთაშორისო იმიჯზე.