თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

2022 წლის 4-8 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს „ERASMUS+“ პროექტის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ფარგლებში, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ვიცე-რექტორი საგანმანათლებლო საკითხებში, პროფესორი კამილ ტორესი; ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ანა ტორესი; სტომატოლოგიის ფაკულტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი აგნიეშკა ლასოტა; სტომატოლოგიის ფაკულტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ანა სობესჩანსკა; ფარმაციის ფაკულტეტის ნატურალური პროდუქტების ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელვირა სიენიავსკა.

ვიზიტის ფარგლებში ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკასა და კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც სტუმრები კლინიკური და აკადემიური საქმიანობის თანამედროვე  სტანდარტებს გაეცნენ. ასევე, დელეგაციის წევრები ეწვივნენ ზოგადი ქირურგიის კათედრას, სადაც შეხვდნენ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ გია თომაძეს, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასწავლო პროცესის შესახებ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში მათ მოინახულეს კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, სადაც სტუმრებს ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ უმასპინძლა. ასევე, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ფარმაციის ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტები. 

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის  სტომატოლოგიურ კლინიკაში შეხვდნენ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარინა მამალაძეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრები თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) საგამოცდო პროცესს დაესწრნენ.

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა აგნიეშკა ლასოტამ წაიკითხა ლექცია თემაზე: „ტუჩისა და სასის დეფექტის მქონე ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობა - მულტიდისციპლინური მიდგომა“. ლექციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული მასწავლებლები, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის ორთოდონტიის განყოფილების ექიმები, რეზიდენტები და თსსუ-ის #1 და #2 სტომატოლოგიური კლინიკების ორთოდონტები.

დელეგაციას თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ვიცე-რექტორებთან, დეკანებთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე მეთოდები და სტანდარტები სრული სიზუსტით  ასრულებს დაკისრებულ მისიას - მომზადდეს მაღალკვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი კადრები. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.