თბილისის ერთ-ერთ ქუჩას პროფესორ თამარ დეკანოსიძის სახელი მიენიჭა

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას პროფესორ თამარ დეკანოსიძის სახელი მიენიჭა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის 19 მაისის N 225 განკარგულებით დააკმაყოფილა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება და საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ დეკანოსიძის სახელი მიენიჭა. 

თამარ დეკანოსიძე დაიბადა 1922 წლის 3 ნოემბერს. 1933 წელს წარჩინებით  დაამთავრა თბილისის 35-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1943 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სახელობითი სტიპენდიანტი, წარმატებული და აქტიური სტუდენტი, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე დატოვეს ასისტენტად, შემდეგ აირჩიეს დოცენტად, მოგვიანებით - პროფესორად. 1969-1973 წლებში გახლდათ ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973 წლიდან 22 წლის მანძილზე თამარ დეკანოსიძე ხელმძღვანელობდა პათოლოგიური ანატომიის კათედრას. 

თამარ დეკანოსიძე იყო დიდი ექიმი. ფასდაუდებელია  თამარ დეკანოსიძის პრაქტიკული საქმიანობა, რადგან მის მიერ დასმული ნებისმიერი დიაგნოზი, მიღებული როგორც  გაკვეთის, ისე სიცოცხლისდროინდელ გამოკვლევებზე, ყოველთვის ღრმა მეცნიერულ ანალიზს ეფუძნებოდა. 

თამარ დეკანოსიძე გახლდათ სამედიცინო-ბიოლოგიურ დისციპლინათა უდიდესი მეცნიერი და მკვლევარი. მის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს აკადემიკოსებმა: ვ. ჟღენტმა, ირ. ტატიშვილმა, ა. სპერანსკიმ, მ. ბოროვსკიმ. მან 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნერვული სისტემის სტრუქტურული და ზოგიერთი ფუნქციური ცვლილებები ონტოგენეზში, ექსპერიმენტში“; 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: `ნერვულქსოვილოვანი ურთიერთობები შეგუებით-კომპენსაციური პროცესების დროს; თამარ დეკანოსიძე 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათში გაშუქებულია  სექციური მასალის ანალიზის საკითხები ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულ-ქსოვილოვანი ურთიერთობების პრობლემები, ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში, გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიური საფუძვლები, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობის ასპექტები სინერგეტიკის გათვალისწინებით. თამარ დეკანოსიძეს გამოქვეყნებული აქვს 65 მონოგრაფია, ხოლო მის მონოგრაფიას „შეგუების და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები“ მიენიჭა ივ. თარხნიშვილის სახელობის პრემია. თამარ დეკანოსიძის ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია. 

თამარ დეკანოსიძე ფაქტების ინტერპრეტაციას ახორციელებდა  ზოგადბიოლოგიური მიდგომით. ამიტომაც მისი კვლევის შედეგები გამოირჩეოდა ორიგინალობით და მოვლენებს მორფოფუნქციური თავისებურებების კუთხით აშუქებდა. განუსაზღვრელია მისი დამსახურება სხვადასხვა დარგის ექიმ-კლინიცისტთა მეცნიერად ჩამოყალიბებაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თამარ დეკანოსიძის, როგორც პედაგოგის,  ღვაწლი. მისი ლექციები უაღრესად შთამბეჭდავი იყო, რადგან ორატორული ნიჭით მას შეეძლო მრავალრიცხოვანი აუდიტორიის დაინტერესება, რაშიც ხელს უწყობდა არა მხოლოდ პათოლოგიური ანატომიის ღრმა ცოდნა, არამედ დიდი ერუდიციაც; იგი ფართოდ იყენებდა კლინიკურ-ანატომიურ პარალელებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მის ლექციებს. 

თამარ დეკანოსიძე მისი მოღვაწეობის მანძილზე  როგორც პედაგოგი, ექიმი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე, იყო სიმართლისა და სამართლიანობის ერთგული მსახური. მისმა კლინიკურ-ანატომიურმა დასკვნებმა ნათელი მოჰფინა 9 აპრილის ტრაგედიას -მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ჭეშმარიტ მიზეზებს, რითაც საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების უკმაყოფილებაც კი გამოიწვია.

თამარ დეკანოსიძის ღვაწლი ქვეყნის წინაშე სათანადოდ დაფასდა, რისი დასტურიც გახლდათ, როგორც საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა, ისე არაერთი ჯილდო თუ რეგალია, რაც მან სიცოცხლეშივე დაიმსახურა. იგი გახლდათ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, წლის საუკეთესო მასწავლებელი, მიღებული ჰქონდა შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენები.

თამარ დეკანოსიძე არჩეული იყო პათოლოგ-ანატომთა, გერონტოლოგთა, ათეროსკლეროზის და სხვა საერთაშორისო საზოგადოებებისა და ასოციაციების გამგეობის წევრად. იყო საქართველოს მრავალი დარგობრივი ასოციაციის წევრი.  თამარ დეკანოსიძე, როგორც სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალისა და გამომცემლობის („დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“, „ქართული ენციკლოპედია“, „პათოლოგიის არქივი“ და სხვ.) სარედაქციო კოლეგიის წევრი, ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი როგორც საქართველში, ისე საზღვარგარეთ.

პროფესორი თამარ დეკანოსიძე საქართველოს ღირსეული შვილი იყო და სამუდამოდ დარჩა როგორც ადამიანის, პედაგოგის, ექიმის, მეცნიერის, გულისხმიერი მეგობრის და სამშობლოზე უაღრესად შეყვარებული ადამიანის ეტალონი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ თამარ დეკანოსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.