თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  კლინიკურ შემთხვევებზე შექმნილი სასწავლო ფილმის პრეზენტაცია მოეწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკურ შემთხვევებზე შექმნილი სასწავლო ფილმის პრეზენტაცია მოეწყო

   
   

2017  წლის 22 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თსსუ–ის კლინიკური უნარჩვევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სასწავლო ფილმის „კლინიკური შემთხვევები“ ჩვენება.

ფილმი 8 ეპიზოდისგან შედეგბა და ძირითადად ახალშობილთა მოვლისა და მეან-გინეკოლოგიურ პრობლემებზე ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის პროცესს ასახავდა:

  1. ორსული ქალის  პროფილაქტიკური ვიზიტი მეან-გინეკოლოგთან 
  2. ორსული ქალის ვიზიტი სტომატოლოგთან – ორსულთა გინგივიტი
  3. ორსული ქალის ვიზიტი სტომატოლოგთან – ანესთეზია
  4. ორსული ქალის ვიზიტი სტომატოლოგთან – ორსულობის პერიოდში რენტგენოდიაგნოსტიკა
  5. ორსული ქალის ვიზიტი ექიმთან, რომელმაც წინა  დღეს გაიგო, რომ მისი შვილი დაიბადება ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალით
  6. მშობლისა და ახლშობილის ვიზიტი პედიატრთან
  7. მოხუცი ქალბატონის ვიზიტი ექიმთან
  8. პაციენტის პირველადი  და განმეორებითი ვიზიტი მამოლოგთან.


„ექიმისა და პაციენტის დამოკიდებულება, პაციენტთან ურთიერთობა, მისი ინტერვიუ, ანამნეზის შეგროვება - ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმისთვის, რომ სტუდენტი პროფესიონალი ექიმი გახდეს. სამწუხაროდ, აქამდე ქართულ ენაზე მსგავსი სახის სასწავლო ვიდეოფილმები არ არსებობდა და სხვადასხვა უცხოურ საიტებზე არსებული საკომუნიკაციო ვიდეორგოლებით ვსარგებლობდით, სადაც, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიუანსები გათვალისწინებული არ არის“. აღნიშნული ვიდეოფილმი მოკრძალებული მცდელობაა, ქართულ ენაზე წარმოგვედგინა ექიმ-პაციენტის ურთიერთობის ზოგიერთი  კლინიკური შემთხვევა“  - განაცხადა თსსუ–ის კლინიკური უნარჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  საუკუნოვანი ისტორია აქვს. სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნდამენტური და კლინიკური დისციპლინების სწავლება და კვლევა დიპლომამდელი  და დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო და  პროფესიული განვითარების  პროგრამებით მიმდინარეობს  თანამედროვე, კონკურენტუნარიანი საერთაშორისო სამედიცინო განათლებისათვის აუცილებელი ძირითადი მიმართულებებით: დარგობრივი აკადემიური ცოდნა, ინფორმაციის მართვა, კლინიკური აზროვნება, პრაქტიკული და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საექიმო საქმიანობას  ეუფლებიან საუნივერსიტეტო კლინიკებში, როგორიცაა: პირველი სუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კილინიკა,  აპოლონ ურუშაძის სახელობის, N1 სტომატოლოგიური და N2  სტომატოლოგიური კლინიკები. პაციენტის ექიმთან ვიზიტს, როგორც წესი, დიდი მოლოდინი და იმედი ახლავს თან. ექიმის სიტყვა, თანაგრძნობა, თანადგომა, ემპათია, ამომწურავი პასუხები პაციენტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე და რწმენა, რომელიც უჩნდება ექიმთან ვიზიტის შემდგომ პაციენტს  განკურნების საფუძველს წარმოადგენს“ – აღნიშნა სასწავლო ფილიმის შეფასებისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორები, პროფესორები: ხათუნა თოდაძე და რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე  სიმონია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) დირექტორი საქართველოში, კრისტინა მილორავა, პროგრამის კოორდინატორი, თსსუ–ის X სემესტრის სტუდენტი ანუკა ჭონიშვილი, თსსუ–ის აკადემიური და ადმინისრაციული პერსონალი, სტუდენტები და რეზიდენტები.

პრეზენტაციის შემდგომ სასწავლო ფილმმა დამსწრე საზოგადოების დადებითი შეფასება და ემოციები დაიმსახურა.

პრეზენტაციის დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ ფინანსური მხარდაჭერისათვის, მადლობა  გადაუხადა  ამერიკის საელჩოს კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს საქართველოში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო კლინიკებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს პროფესიული მხარდაჭერისთვის. ასევე, სამედიცინო  უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას“ ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორს ნათია გუჯაბიძეს და მსახიობ სტუდენტებს.