თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია თემაზე „ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“ ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია თემაზე „ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“ ჩატარდა

2022 წლის 22 ივლისს, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციამ კონფერენცია გამართა თემაზე - „ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“, რომელსაც უძღვებოდა ასოციაციის გენერალური მდივანი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო გოგოხია. 

კონფერენცია აკრედიტებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე და დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მიენიჭა 6 კრედიტ ქულა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი აკრედიტებული კონფერენცია ლაბორატორიული მედიცინის დარგში.  

კონფერენციის  თემატიკა იყო მულტიდისციპლინარული და ის ეხებოდა, როგორც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, ასევე კლინიკურ საკითხებს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: მედიკამენტების მოქმედების მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევების შედეგების გათვალისწინების საფუძველზე; IL 6 პროგნოზული მნიშვნელობა მკვდრად შობადობაში Covid 19 - ის დროს; ფერიტინი, როგორც სიმძიმის პრედიქტორი მძიმე მიმდინარეობისას Сovid 19 - ით დაავადებულებში; Sars Cov 2 - ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავების და ტრანსპლაცენტარული გადაცემის სპეციფიკა დაავადება გადატანილ და ვაქცინირებულ ორსულებში; მიკროსატელიტური არასტაბილურობა ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში: მიმოხილვა და მომავალი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციამ აღნიშნული კონფერენციის ჩატარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უზრუნველყო და კონფერენციაც უნივერსიტეტის სივრცეში მოეწყო.