თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი გაიმართა

2025 წლის 24 იანვარს, ERASMUS+ პროგრამის პროექტ “LIFESTRAND“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის "პედიატრიული რეაბილიტაცია" ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა მანჯავიძის და ამავე პროგრამის სპეციალისტის ნათია ქვარიანის ორგანიზებით ჩატარდა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის სხვადასხვა  პროგრამის 60-მდე სტუდენტმა.

ტრენინგს უძღვებოდნენ: კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მოწვეული პედაგოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გოჩა მთვარელიშვილი; ასისტენტ-პროფესორი, პედიატრი და ნეონატოლოგი ლია ოტიაშვილი; მთავარი სპეციალისტი, მოწვეული პედაგოგი, ბავშვთა რეანიმატოლოგი ნანა ჯიქიძე.

ტრენინგის ფარგლებში განხილული საკითხები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა, პულსის განსაზღვრა და წნევის გაზომვა, უცხო სხეულის ამოღების ტექნიკა ბავშვებში, გადაუდებელი დახმარება სისხლდენისა და ტრავმების დროს, ლახტის გამოყენება არტერიული სისხლდენისას, პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს, ნახვევების დადების ტექნიკა, ვენური და კაპილარული სისხლდენის შეჩერება, BLS (ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმის) საფუძვლები.

ტრენინგი წარიმართა პრაქტიკული დისკუსიის ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ შეკითხვები და პრაქტიკული უნარები გაეუმჯობესებინათ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია და მკაფიოდ წარმოაჩინა გადაუდებელი დახმარების საკითხების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა, როგორც სამედიცინო განათლების, ასევე კლინიკური პრაქტიკის მიმართულებით.