თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტში საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენციების
ციკლი დაიწყო. ღონისძიება 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში თსსუ-ის ყველა ფაკულტეტის
300-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
კონფერენციების ციკლი
9 ივნისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციით
გაიხსნა.
ახალგაზრდა მკვლევრებმა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის პოლიტიკის, გარემოს დაცვის, სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულებით მომზადებული
ნაშრომები წარადგინეს.
მოხსენებებს შორის
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარემოს ჰიგიენა და ნარჩენების
მართვის პრაქტიკა, „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომის განვითარების პერსპექტივები, ექიმსა და პაციენტს შორის თანამშრომლობა
თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობის გავლენა სამედიცინო
მომსახურების მიღებაზე, სტუდენტებში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ქრონიკული
სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე.
კონფერენციის ფარგლებში
სტუდენტებმა ასევე წარადგინეს კვლევები აკუსტიკური გარემოს ზემოქმედების, ჯანმრთელობის
გლობალური უთანასწორობის, მდგრადი ნარჩენების მართვის, აგრონარჩენებისგან მიღებული თანამედროვე სორბენტებისა და გარემოსდაცვითი
ტექნოლოგიების შესახებ.
ღონისძიების ნაწილი
იყო პოსტერული სესიაც, სადაც წარმოდგენილი იყო ნაშრომები საზოგადოებრივი ჯანდაცვის
როლის, სკრინინგის პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის, ალცჰაიმერის დაავადების მოდიფიცირებადი
რისკ-ფაქტორებისა და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში
მონაწილეობდნენ ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, თსსუ-ის
სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციისა და
უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო
კონფერენციების ციკლის მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა,
აკადემიური გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის გაზრდა თანამედროვე
მეცნიერებისა და ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებში.