თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით უნივერსიტეტში საგამოფენო სივრცე მოეწყო.
საგამოფენო სივრცის გახსნა 2021 წლის 28 აპრილს, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით წარიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც სივრცეში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, ხოლო მონაწილეებს ძირითად პროფესიაში და კულტურულ სარბიელზე წარმატებები უსურვა.
სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს: კულტურის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბადრი მაჭავარიანმა და თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ანა კაკაბაძემ.
საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზანი სტუდენტების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მათი ნიჭის რეალიზება და ნამუშევრების აქტიური წარმოჩენაა.
სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ არაერთი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ფოტოსურათები თუ სხვა. ორგანიზატორები აქტიურად გეგმავენ საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების წარმართვასაც.