თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დიაბეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დიაბეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

   
   

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 14 ნოემბერს დიაბეტის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ფედერიკ ბანტიგის დაბადების დღეა, რომელმაც 1922 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსულინის აღმოჩენაში.

14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში, სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა საჯარა ლექცია, რომლის ძირითადი თემაც დიაბეტი და მისი გავრცელებული ტიპები, პრევენციის გზები და შემდგომი მკურნალობა იყო. შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა, რომელიც განპირობებულია ინსულინის სეკრეციის დარღვევით. დღეს ეს დაავადება ერთ-ერთ უმთავრეს სოციალურ პრობლემად მიიჩნევა. მსოფლიოში აღრიცხულ დაავადებულთა რაოდენობა 120 მილიონს აღწევს. დაავადების გავრცელების გამო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 10 წელში დიაბეტიანთა რიცხვი გაორმაგდება.
პაციენტების უმეტესობაში ვლინდება ფარული, ადრეულ სტადიაზე აღმოუჩენელი დაავადება, რაც საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობით აიხსნება. შაქრიანი დიაბეტის პირველადი სიმპტომები სისხლში შაქრის დონის ცვლილება, გახშირებული შარდვა (პოლურია), ძლიერი წყურვილი (პოლიდიპსია) და შიმშილის დაუკმაყოფილებელი გრძნობაა, რაც დიდი რაოდენობით გლუკოზის დაკარგვითაა გამოწვეული. გარდა ამისა დამახასიათებელია: ძილიანობა, სწრაფი დაღლა, ქავილი პერინიუმის არეში, მხედველობის დაქვეითება და სხვა.

აქტიური ხალხი ამ სიმპტომებს გადაღლილობასა და სამსახურს უკავშირებს და ამით ხელს უწყობს დაავადების გაღრმავებას.

საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 3,3% დიაბეტს ებრძვის. ბაზაში არსებულ პაციენტებს შორის კი 600 თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვია. საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა იმ გამონაკლისთა სიაშია სადაც დიაბეტიანი ბავშვების ლეტალობა ნულია.

მსოფლიო დიაბეტის დღის ლოგო - ცისფერი წრე, მისი გლობალური სიმბოლოა. ცისფერი გამოხატავს ცას, ხოლო რგოლი - დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა ყოველთვის გვერდში უდგას დიაბეტით დაავადებულებს და ყოველ წელს მათთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს.