თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების მიზნით საფაკულტეტო კონფერენციების ციკლის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

24 ივნისს საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საფაკულტეტო კონფერენციების ფარგლებში გამოვლენილმა საუკეთესო სტუდენტებმა. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია შვიდ სექციას აერთიანებდა. თითოეული სექციიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო მონაწილე, ხოლო მედიცინის ფაკულტეტზე გამოვლინდა 5 გამარჯვებული - კლინიკური მედიცინის სექციიდან და 5 გამარჯვებული თეორიული მედიცინის სექციიდან.

კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური იყო. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავდა თეორიული და კლინიკური მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებებს.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი კვლევები და პროფესორ-მასწავლებლებისა და დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ პროფესიული რეკომენდაციები.

კონფერენციის შედეგების მიხედვით, თითოეული სექციიდან თითო გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 25 ივნისს გაიმართება.

გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.