თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კონკურენტული ინოვაციების კონკურსის (CIF)  გამარჯვებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კონკურენტული ინოვაციების კონკურსის (CIF) გამარჯვებულია

2023 წლის 5 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების   სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. 

კონკურსში სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით კონსორციუმის ფარგლებში (ამავე კონსორციუმის წევრია შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) წარდგენილ იქნა საგრანტო განაცხადი: ,,OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, რომელიც გამარჯვებულ საგრანტო პროექტთა სიაშია (გრანტის ოდენობა 516114 ლარი). 

კონკურენტული ინოვაციების ფონდის პირველი კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარებას, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. კონკურენტული ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

პირველი საგრანტო კონკურსი 2022 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობდა 14 სსიპ (მათ შორის 8 რეგიონული) და 7 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჯამში წარდგენილ იქნა 30 განაცხადი. 

პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად 2,1 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა. 

რეიტინგული სიის გათვალისწინებით დაფინანსება 13-მა უნივერსიტეტმა მოიპოვა. 

გამარჯვებულ უნივერსიტეტებს სერტიფიკატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა გადასცა.