თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უმაღლესი  და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენაზე

   
   

2016  წლის  18 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი  და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენა მოეწყო.

წარმოდგენილი იყო  საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი,  უცხოეთის უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები. აბიტურიენტთა და მათი მშობლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო.                    

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტენდთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა თვალშისაცემი გახლდათ. მოზარდები ინტერესით ეცნობოდნენ ყველა ნიუანსს, უყურებდნენ სპეციალურ კლიპს, სადაც ასახული იყო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პროცესი, საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები მულაჟებთან, სამედიცინო აპარატურასთან.

მომავალ სტუდენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში რომ დახმარებოდნენ, სტენდთან ახალგაზრდებს ხვდებოდნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი; ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში დავით დელიბაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა მასხულია;  სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, სხვა პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის თანამშრომელი ბიძინა მუსაშვილი დაინტერესებულებს უჩვენებდა მულაჟებთან მუშაობის წესს, საშუალებას აძლევდა, თავად მოესინჯათ ის, რისი ინტერესიც ჰქონდათ – „გაესინჯათ პაციენტი“, მოესმინათ მულაჟის გულისცემა, ან შეემოწმებინათ მისი თვალის ფსკერი. როგორც აღმოჩნდა, მედიცინით უამრავი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ზოგი ახლა ირჩევს პროფესიას, ზოგს კი სამაგისტრო პროგრამები აინტერესებს. უმრავლესობა ადასტურებს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რეკლამა არ სჭირდება, მისი ტრადიციები და დროით გამოცდილი სწავლების სისტემა ყველაზე საიმედოა მათთვის. მედიცინა ხომ ის დარგია, რომელსაც ტრადიცია და გამოცდილება ყველაზე მეტად სჭირდება იმ ინოვაციებთან ერთად, რასაც მუდმივად ნერგავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

უმაღლესი  და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.