თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 240 სტუდენტი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფება.
ბანაკის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ირაკლი ნატროშვილი გაეცნო ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის შინაარსს, დაათვალიერა ბანაკის ინფრასტრუქტურა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი დღეები უსურვა.
ბანაკში მყოფი ახალგაზრდები ხუთი დღის განმავლობაში ჩართულნი იქნებიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც მონაწილეებს არაფორმალურ გარემოში საკუთარ პროფესიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ.
მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 11 ნაკადად იმართება და საერთო ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს.