თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ინსბრუკში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ინსბრუკში

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ავსტრიის ტიროლის რეგიონის უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს - ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, მიმდინარე წლის 8-19 გვისტოს ქალაქ ინსბრუკში (ავსტრია) მივლინებით იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

ვიზიტი მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებსა და ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას -  სტუდენტების, ექიმების, ექთნების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას და  გაგრძელებას, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების გაცნობას, სამედიცინო დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლის სერვისის - ტელემედიცინის და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში  მულტიდისციპლინური მიდგომით დაავადებათა მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვას. 

ტიროლის რეგიონის ჰოსპიტალთა გაერთიანება _ TILAK -ის დირექტორმა ბატონმა შტეფან დეფლორიანმა და თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ბატონმა ირაკლი კოხრეიძემ   შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპული სამედიცინო გამოცდილების საქართველოს კლინიკებში დანერგვის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო კლინიკებში შექმნა ყველა პირობა: კლინიკები აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და დანადგარებით, რაც ამ კლინიკებს, რიგი მიმართულებით, ამიერკავკასიის რეგიონში, პრაქტიკულად, უნიკალურს ხდის.

ბ-ნმა ირაკლი კოხრეიძემ გამოთქვა სურვილი, რომ თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებმა უმასპინძლონ ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელებს და კლინიცისტებს: ვიზიტების დროს, რომლებსაც პერმანენტული ხასიათი ექნება, როგორც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, უცხოელი პროფესორები ქართველ პაციენტებს უფასო კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ოპერაციებს ჩაუტარებენ.

ბ-ნმა  დეფლორიანმა სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ინიცირების საწყის ეტაპს ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ საბჭოზე სამოქმედო გეგმის დამტკიცება წარმოადგენს, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კოხრეიძე შეხვდა ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ დირექტორს, პროფესორ ვოლფგან ბუხბერგერს, რომელთან ერთადაც  მონაწილებოდა პაციენტების მკურნალობის მულტიდისციპლინურ დაგეგმარებაში - ე.წ. Tumor Board - ში. უნდა აღინიშნოს, რომ ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, მრავალდარგობრივი შეხვედრები ტარდება, რაც უზრუნველყოფს ავადმყოფების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უმაღლეს ხარისხს. 

ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე გაეცნო პროფესორი ბუხბერგერის პროფესიული საქმიანობის დეტალებსაც; დაესწრო ძუძუს ე.წ. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიით ასისტირებულ ბიოფსიას, რომელიც პაციენტს ჩაუტარდა ძუძუს არაპალპირებადი სიმსივნის გამო.

დადასტურებულია, რომ როგორც მთლიანად ავსტრიაში, ისე ტიროლის მხარეში, სკრინინგული პროგრამების რეალიზებით,  ძუძუს კიბო პრაქტიკულად, 90% შემთხვევებში დაავადების პრეკლინიკურ სტადიებზე დიაგნოსტირდება. გამოვლენადობას და შესაბამისად, მკურნალობას კიდევ უფრო მაღალეფექტურს ხდის ძუძუს კიბოს სკრინინგში - ბირთულ-მაგნიტური ტომოგრაფიისა და ულტრასონოგრაფიის მეთოდების დამატება, რაც ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემუშავებული პროტოკოლის აუცილებელი პირობაა.

სამუშაო შეხვედრები შედგა ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან, კრისტიან ფრეიშლაგთან  და პროფესორ ვოლფგან ეისნერთან. პროფესორი ეისნერი კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგია, რომელმაც 2008  წლის რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაჭრილ ქართველ ჯარისკაცს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარა. სწორედ მისი და მისი გუნდის დამსახურებაა, რომ ქართველი გმირი მალე დაუბრუნდება პროფესიულ საქმიანობას.

პროფესორ ეისნერთან საუბრისას ბ-ნმა ი. კოხრეიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც  შესაძლებლობას იძლევა თავისა და ზურგის ტვინზე ტრავმების, სიმსივნეების და სისხლძარღვთა პათოლოგიის დროს ჩატარდეს ურთულესი ოპერაციები. უცხოელმა ნეიროქირურგებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ჩამობრძანდნენ თბილისში და სტუდენტებისთვის წაიკითხონ ლექციები ნეიროქირურგიის თანამედროვე ტენდენციების, ნეიროქირურგიული პროფილის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპების შესახებ. ევროპელმა კოლეგებმა  სურვილი გამოთქვეს აბსოლუტურად უანგაროდ ჩაუტარონ კონსულტაციები და ოპერაციები ქართველი პაციენტებს.

განსაკუთრებული აღმოჩნდა შეხვედრა ბავშვთა ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის კლინიკის დირექტორთან, პროფესორ გერჰარდ გაედიკთან. პედიატრიული ონკოლოგიის ცოცხალმა ლეგენდამ, მსოფლიო მასშტაბის ექიმმა-ონკოლოგმა, ჯერ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო შემდგომ ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაარსა ბავშვთა ონკოლოგიის დეპარტამენტი, სადაც მკურნალობას, არა მარტო ავსტრიის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი პაციენტი გადის. მან  სურვილი გამოთქვა, ჩაერთოს ტიროლის რეგიონის საუნივერსიტეტო კლინიკასა და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულების ურთიერთთანამშრომლობის პროექტში.

 

მნიშვნელოვანია, რომ ტიროლის რეგიონის საუნივერსიტეტო კლინიკის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკაში  ყოველწლიურად ასობით ოპერაცია ტარდება. გარდა ესთეტიკური და პლასტიკური ოპერაციებისა, ამ მიმართულების სპეციალისტები ასრულებენ ურთულეს ოპერაციებს  სისხლძარღვებზე, ნერვულ ღეროებსა და მყესებზე; ხდება დაკარგულ ორგანოთა რეკონსტრუქცია, მათი ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენით. ბნ-მა ირაკლი კოხრეიძემ ისაუბრა გამოცდილების გაზიარების და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის  კლინიკის დირექტორთან, პროფესორ გერჰარდ პიერერთან.

პროფესორმა პიერერმა გამოთქვა სურვილი, არა მარტო ჩამობრძანდეს საქართველოში, არამედ მიიწვიოს კლინიკაში ქართველი სპეციალისტები, რათა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.

მეანობა-გინეკოლოგიის კლინიკის დირექტორთან, პროფესორ კრისტიან მარტთან, შეხვედრისას, ქართველმა კოლეგამ ისაუბრა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მეანობისა და გინეკოლოგიის სერვისის შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ სულ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სტუდენტთა პროფესიულ აღზრდას  პაციენტის საწოლთან, საოპერაციოში, ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში. შეხვედრის დასასრულს ავსტრიელმა პროფესორმა დაადასტურა მზადყოფნა მიმდინარე წლის ბოლომდე შემუშავდეს გეგმა, რათა თბილისში ჩატარდეს ონკოგინეკოლოგთა კონფერენცია, რომლის მსვლელობისას გაშუქდება დარგის აქტუალური საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე დეტალურად გაეცნო რადიოონკოლოგიის დეპარტამენტის მუშაობასაც. ორმაგად საამაყო და სასიხარულოა, რომ ამ დეპარტამენტში მოღვაწეობს ჩვენი თანამემამულე, ქ-ნი ირმა კვიცარიძე _ ტიროლის რეგიონის ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სტერეოტაქსის და რადიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უფროსი სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით ყოველდღიურად ურთულესი რადიოქირურგიული მანიპულაციები ტარდება, რომელიც, პრაქტიკულად, უიმედო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს გამოჯანმრთელებისა და ღირსეული ცხოვრების შანსს უბრუნებს.

ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე დაესწრო თავის ტვინში მელანომის განმეორებითი მეტასტაზური კერის რადიოქირურგიულ აბლაციას. აღნიშნული მანიპულაცია ტარდება ერთჯერადად, დასხივების სუმარული დოზა შეადგენს 20 გრ-ს, მანიპულაცია ტარდება, პრაქტიკულად, ამბულატორიულ პირობებში, ხოლო პაციენტი კლინიკაში მხოლოდ 1 ღამეს ყოვნდება.

რადიოქირურგია, როგორც ონკოლოგიის და განსაკუთრებით სხივური ონკოლოგიის განვითარების უმაღლესი მწვერვალი, ყოველდღიური რუტინაა ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აქ მკურნალობენ პაციენტები როგორც პირველადი, ისე მეტასტაზური სიმსივნეებით, აგრეთვე,  პოსტოპერაციულად.

 ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე გულთბილად მიიღო რადიოონკოლოგიის კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა პეტერ ლუკასმა, რომელმაც ასევე თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა.

ბ-ნმა ირაკლი კოხრეიძემ ტიროლის რეგიონის ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიზიტის დეტალები - საუნივერსიტეტო კლინიკის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში შეაჯამა. გამოთქვა დიდი იმედი, რომ ამ აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობა პრინციპულად ახალ ეტაპზე გადავა, რაც ტრადიციული სასწავლო დაწესებულების - თსსუ-ის სტუდენტებს, აგრეთვე, საუნივერსიტეტო კლინიკების ექთნებსა და ექიმებს რეალურ შესაძლებლობას მისცემს, ძირეულად გაეცნონ ევროპული მედიცინის უახლეს მიღწევებს და გახდნენ სამედიცინო სფეროში ინოვაციების დამფუძნებლები.