თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ერთობლივი აქცია - კონფერენცია „ბავშვთა ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ერთობლივი აქცია - კონფერენცია „ბავშვთა ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები“

   
   

2016 წლის 23 აპრილს ქ. საჩხერეში ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ერთობლივი აქცია - კონფერენცია „ბავშვთა ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები“

საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებულ კლინიკას, სადაც 15 წელზე მეტია მიმდინარეობს „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის“ პროგრამის რეზიდენტთა მომზადება.

2016 წელს იგეგმება კლინიკის ჩართვა კარდიოლოგიის, ნევროლოგიის და თერაპიის სარეზიდენტო პროგრამებში. საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება თსსუ–ს რეზიდენტებს საშუალებას აძლევს  იმუშაონ მაღალი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პარტნიორი მხარე რეზიდენტებს ტრადიციულად უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო პირობებით.

თსსუ–ის დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ზაზა ბოხუასა და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის ეკატერინე ტიკარაძეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თსსუ–ის რექტორის პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მხარდაჭერით, შეიქმნა ერთობლივი სამუშაოების გრძელვადიანი პროგრამა. ზემო იმერეთის რეგიონისთვის აქტუალური სამედიცინო პრობლემებისადმი მიძღვნილი ერთობლივი აქცია-კონფერენციები ყოველთვიურად ჩატარდება.

23 აპრილის აქცია-კონფერენცია ამ პროგრამის განხორციელებაში პირველი ნაბიჯია.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 3 მოხსენება-პრეზენტაცია, რომელიც დისკუსიაში გადაიზარდა.

თსსუ–ის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მანანა ხოჭავას პრეზენტაციამ -„ანტიბიოტიკორეზისტენტობა“ - ცხოველი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია. 

მოხსენება - „ბავშვთა ასაკის დიარეის მართვის თანამედროვე პრინციპები“ - წარმოადგინა მედიცინის დოქტორმა ია შალამბერიძემ. მოხსენების შემდგომ დისკუსიაში გაირკვა, ბავშვთა დიარეის გამომწვევი მიკროორგანიზმები,  თბილისისა და საჩხერის მასალებით, თითქმის იდენტურია. 

მოხსენება „მონონუკლეოზი“  წარმოადგინა  ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა, მედიცინის  დოქტორმა, თამარ ჯოხთაბერიძემ. პრეზენტაცია ინფორმაციული ხასიათის იყო და გაანალიზდა პათოლოგიის ძირითადი ასპექტები, დიაგნოზირების და მართვის თანამედროვე პროტოკოლები. 

კონფერენციის შემდგომ ჩატარდა ერთობლივი შემოვლა ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში. დატალურად გაისინჯა ყველა საინტერესო და პრობლემური პაციენტი. ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე შემუშავდა რამდენიმე პაციენტის მკურნალობის სტრატეგია. 

საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ბავშვთა ინფექციური პათოლოგიის განყოფილების ექიმებმა და თსსუ აკადემიურმა პერსონალმა ერთობლივად გააანალიზეს რამდენიმე პაციენტის ავადმყოფობის ისტორია. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მეორე ერთობლივი აქცია-კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის მაისში და მიეძღვნება კარდიოლოგიის პრობლემატიკას.