სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) საერთაშორისო კონფერენციას – WFME World Conference 2025 თემაზე: „ჯანმრთელობა ყველასათვის – ხარისხიანი სამედიცინო განათლების მეშვეობით“ - წელს ბანკოკმა (ტაილანდი) უმასპინძლა. ღონისძიება 2025 წლის 25-28 მაისს გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდა 92 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოდან – 30-მდე დელეგატი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომები, სიმპოზიუმები, ვორქშოფები, ზეპირი და პოსტერული მოხსენებები, რომლებიც მოიცავდა თანამედროვე სამედიცინო განათლების ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მომავლის ექიმების მომზადება, ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლებაში, აკრედიტაციისა და ხარისხის განვითარების გლობალური სტანდარტები, სოციალური ანგარიშვალდებულება სამედიცინო განათლებაში და სხვა.
კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) დელეგაცია, თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით.
თსსუ-ის წარმომადგენლებმა გამართეს მაღალი რანგის შეხვედრები სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ რიკარდო ლეონ ბორხესთან, ვიცე-პრეზიდენტ ჟენევიევე მოინეუსთან და WFME-ს ხელმძღვანელ პირებთან. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ ჰარმ პიტერსთან და AMEE-ს აღმასრულებელ დირექტორ ანე ლოიდთან. საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები სამედიცინო განათლების სფეროში.
აღსანიშნავია, რომ WFME 2025-ის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენელი, საქართველოში AMEE-ს ცენტრის ხელმძღვანელი სალომე ვორონოვი აირჩიეს „ლიდერშიფის“ სესიის მოდერატორად, რომელმაც კონფერენციაზე წარადგინა თსსუ-ის მიერ მომზადებული სამი მოხსენება: „საქართველოში დიპლომამდელი სამედიცინო განათლების განახლებული სტანდარტები“; „AMEE-ს ცენტრი საქართველოში – რეგიონში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო მაგალითი“; „საქართველოში აკადემიური განვითარებისთვის ობიექტურად სტრუქტურირებული სწავლების პრაქტიკის (OSTE) დანერგვა“