თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო უნივერსიტეტის  დელეგაცია  ავსტრიაში, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების  საერთაშორისო ასოციაციის  მე- 18 კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ავსტრიაში, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის მე- 18 კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორმა -  პროფ.  ზურაბ  ვადაჭკორიამ  და    ვიცე-რექტორმა - პროფ. რიმა  ბერიაშვილმა   ა.წ.  5-8  ივლისს  მონაწილეობა  მიიღეს   “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) კონფერენციის  მუშაობაში. რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის, მათ შორის 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენცია  ჩატარდა  ჰოფბურგის სასახლეში, ვენა, ავსტრია. კონფერენციის მთავარი თემა  იყო “ინოვაციები განათლებაში”.

კონფერენციას  ესწრებოდნენ  ავსტრიისა  და  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები -  საქართველოს  ვიცე- პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  ალექსანდრე  ჯეჯელავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე.  კონფერენციას  თავისი  დასწრებით  განსაკუთრებული  ელფერი  შესძინა   საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში,  კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

7 ივლისს ჰოფბურგის სასახლეში საზეიმო მიღება - ქართული საღამო გაიმართა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები, საქართველოსა და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე  საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე- პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ,   საქართველოს  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  მარიამ ჯაშმა, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ.

ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა ქართული ცეკვები წარმოადგინა.

8 ივლისს, უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტად, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია.   უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის  ხელმძღვანელობა მსოფლიო აკადემიურ სივრცეში საქართველოს წარმატების აღიარებაა, ასევე, უდიდესი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს და საერთაშორისო ასპარეზზე გახდეს უფრო ცნობილი.