თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დელეგაცია   ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოების ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე (ESPID 2013)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოების ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე (ESPID 2013)

2013 წლის 29 მაისიდან 1 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პედიატრიული დეპარტამენტის ზოგადი პედიატრიის მიმართულების პროფესორები: ნანი ყავლიშვილი, მაია ხერხეულიძე და ეკა კანდელაკი  სამუშაო  ვიზიტით იმყოფებოდნენ მილანში (იტალია) ,,ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოების ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე(ESPID 2013)”.

თსსუ–ის  დელეგაციის მიერ სიმპოზიუმზე წარდგენილ იქნა სამი პოსტერული მოხსენება:

  • "პნევმონიისა და  მწვავე რესპირატორული ინფექციების პრეჰოსპიტალური თანამედროვე მენეჯმენტისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შედარება";
  • "ციპროფლოქსაცინი – ფსევდომონას სამკურნალო საშუალება ცისტური ფიბროზის  მქონე ბავშვებში";
  • "განვითარების მანკის მქონე ბავშვებში სასუნთქი სისტემის რეციდივული ინფექციები".
     

კონგრესი ინფორმატიული იყო პედიატრიული თვალსაზრისით, განსაკუთრებით  აღსანიშნავია: პლენარული სესია ,,ვირუსული რესპირაციული ინფექციები“, ინგლისელი მეცნიერის სანგლარის პრეზენტაცია ვირუსული ინფექციების, ვიზინგისა და ასთმის კავშირზე, ასევე, სესია ანტიმიკრობული მედიკამენტების გამოყენების შესახებ. სიმპოზიუმზე დიდი ადგილი დაეთმო  იმუნიზაციის საკითხებს, მოწოდებული იქნა ინფორმაცია ახალი ვაქცინების შესახებ.

სესიის შემდგომ გაიმართა "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა" და „ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოების“ ერთობლივი სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა წითელას აფეთქებას ევროპაში, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო  იმუნიზაციას და ვაქცინაციის ზოგად პრინციპებს.

ცალკე სესია მიეძღვნა პრობიოტიკების გამოყენების საკითხებს. სიმპოზიუმის დასკვნით ნაწილში გაიმართა ინტერაქტიული სესია, რომელზეც მოხდა სხვადასხვა  საინტერესო შემთხვევის გარჩევა, ხოლო დღის ბოლოს გაიმართა პლენარული სიმპოზიუმი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობის საკითხებზე.