თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერენციაზე (ჰელსინკი 2017)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერენციაზე (ჰელსინკი 2017)

   
   

2017 წლის 26-30 აგვისტოს  ქ. ჰელსინკში (ფინეთი) ჩატარდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენცია, რომლის მუშაობაში  მონაწილეობა  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გაიანე სიმონიამ.

კონფერენციას ესწრებოდა 3500-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 97 ქვეყნიდან;  ჩატარდა 4 პლენარული სხდომა,  7 სიმპოზიუმი, 31 ვორქშოპი, გაიმართა მასტერკლასები სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების ასათვისებლად.

კონფერენციაზე დელეგაციამ წარმოადგინა მოხსენება " შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების სწავლების გავლენა სტუდენტების მიერ დიაგნოსტიკის უნარების   ათვისებაზე“   (The impact of casebased clinical reasoning (CBCR) on the development of medical students' diagnostic skills).

კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ მეტად საინტერესო შეხვედრები თსსუ-ის  საერთაშორისო პარტნიორებთან - AMEE-ს პრეზიდენტთან პროფესორ ტრუდი რობერტსთან, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტთან დევიდ გორდონთან,  ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორთან  რიჩარდ ფულერთან, უტრეხტის აკადემიური მედიცინის საუნივერსიტეტო ცენტრის და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოლე ტენ კატესთან; დასახული იქნა შემდგომი თანამშრომლობის სტრატეგიები.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სიმპოზიუმში " საერთაშორისო აკრედიტაციის  პროცესის  2016 წლის შედეგები: მიზანი, გამოწვევები  და ხარისხის შეფასება“, რომელიც ეხებოდა სამხრეთ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს. სიმპოზიუმს ატარებდა WFME-ს პრეზიდენტი დევიდ გორდონი. შეხვედრაზე განხილული იქნა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება თსსუ-ს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში.