თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

2022 წლის 12-14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა: სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის  დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა  თინათინ ჩიქოვანმა, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან ბარამიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კილაძემ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის - SPRING-4-MED - მუშაობაში, რომელიც გაიმართა “THE ERASMUS+ SPRING PROJECT”-ის ფარგლებში, ღონისძიება ჩატარდა სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტში (სოფია, ბულგარეთი). 

პროექტი SPRING აერთიანებს 7 ქვეყნის 14 უნივერსიტეტს ბულგარეთიდან, ლიტვიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და ტაჯიკეთიდან. 

კონფერენციის მიზანი იყო სამედიცინო განათლებაში საექსპერტო შეფასების მექანიზმებისა და მიზნების განხილვა და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე სპეციალური სესია მიეძღვნა პროექტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტების მიერ დაარსებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამედიცინო და ჯანდაცვის განათლების პარტნიორ ასოციაციას - PRAMED-EECA (Peer Review Association for Medical and Health Education of Eastern Europe and Central Asia). ასოციაცია მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნული აკრედიტაციის მისაღებად მზადების პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას, კერძოდ, დახმარებას ახალი საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მომზადებასა და შეფასებაში.  პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ ჟურნალში „Medical and Health Sciences Education for Eastern Europe and Central Asia (MEDH-EECA) სტატიების გამოქვეყნებაში. ასევე, ტრენინგ-კურსების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაში.

კონფერენციის მსვლელობისას კონსორციუმის ყველა მონაწილის მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიშები  SPRING-4-MED პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ  გამოწვევებსა და სარგებელთან  დაკავშირებით. თსსუ-ის სახელით კონფერენციაზე წარდგენილ იქნა მოხსენება: „ერაზმუს+ პროექტიდან „SPRING“ მიღებული გაკვეთილები“ (Lessons learned from the ERASMUS+ project  “SPRING”) .

კონფერენციის ბოლო დღეს ყველა მონაწილე სტუმრის სტატუსით  მიწვეულ იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე "სოფია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დედაქალაქი", რომელიც გაიმართა  სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის და ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER) ინიციატივით.