თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ტემპუსის პროექტის MUMEENA კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ტემპუსის პროექტის MUMEENA კონფერენციაზე

2013 წლის 20-23 ოქტომბერს, ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა ტემპუსის პროექტის ,,MUMEENA" კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგაციები პროექტის პარტნიორი ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი – ლიდსის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები – უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, იტალია –  რომის საკრეკორის უნივერსიტეტი, ესპანეთი – გრანადის უნივერსიტეტი, უკრაინა – კიევის და ივანო-ფრანკოვსკის სამედიცინო უნივერსიტეტები, საქართველო –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი – აზერბაიჯანის და ნახიჩევანის სამედიცინო უნივერსიტეტები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: პროექტის კოორდინატორი საქართველოში, პროფესორი გაიანე სიმონია, პროექტის ფინანსური მენეჯერი, პროფესორი ია ფანცულაია, თსსუ–ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი ირინა ანდრონიკაშვილი. 

კონფერენცია გახსნა ტემპუსის პროექტის კოორდინატორმა, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორმა, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ტრუდი რობერტსმა, რომელმაც პროექტის წარმატებით განხორციელებში განსაკუთრებით გამოყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი როლი. მან აღნიშნა, რომ პროექტის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს პროექტის ამოცანების პილოტირება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.  

კონფერენციის პირველ დღეს, პროფესორმა გაიანე სიმონიამ წარადგინა საქართველოში პროექტის განორციელების დეტალური ორწლიანი ანგარიში. მეორე დღეს პროფესორებმა გაიანე სიმონიამ და ირინა ანდრონიკაშვილმა ჩაატარეს ვორქშოპი შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების მეთოდოლოგიაში, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

კონფერენციის მესამე დღეს გაიმართა დისკუსია პროექტის შემდგომი ამოცანების შესრულებასა და შემდეგო პროექტის შემუშავების შესახებ. გადაწყდა, რომ მიმდინარე პროექტის დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 16-20 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.