თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში (ქ. ატლანტა, აშშ)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში (ქ. ატლანტა, აშშ)

2022 წლის ნოემბერში ქ. ატლანტაში (ჯორჯია, აშშ), ემორის უნივერსიტეტში, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელების მიზნით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ  ორჯონიკიძე და ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ემორის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. კერძოდ, თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ: ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანს, პროფესორ ვიკას სუკატმეს, ასოცირებულ დეკანს, პროფესორ ბილ ილის, ასისტენტ-დეკანს, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდსა და ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პროვოსტს პატრიკ ვეინვრაიტს. 

შეხვედრაზე თსსუ-ის დელეგაციამ მასპინძლებს დეტალურად წარუდგინა საქართველოში ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში, აგრეთვე, განხილულ იქნა სამომავლო გეგმები და ამ გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებული საჭიროებები. ამავე დროს, ხაზი გაესვა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისათვის ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური როტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ემორის უნივერსიტეტსა და თსსუ-ს შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები.

თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე და ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ასევე, შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შინაგანი მედიცინის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ დანიელ რესლერს. შეხვედრისას, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  სტუდენტთა სწავლების პროცესში ემორის პროფესორების უშუალო ჩართულობის მნიშვნელობასთან ერთად, განხილულ იქნა სასწავლო პროცესში ემორის უნივერსიტეტის უფროსი რეზიდენტების მონაწილეობის საკითხიც.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებულ დეკანთან კლინიკური განათლების მიმართულებით, პროფესორ სტეისი ჰენრისთან და მის ასისტენტთან, სტუდენტთა სამსახურის არჩევითი აკადემიური პროგრამების კოორდინატორთან ისაია ქეთლსისთან შეხვედრისას ხაზი გაესვა თსსუ-ის სტუდენტების კლინიკურ როტაციებში მონაწილეობის მნიშვნელობას. სწორედ ბატონი ისაია ქეთლსი ხელმძღვანელობს თსსუ-ის სტუდენტების ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკურ როტაციას, უზრუნველყოფს განრიგის შედგენას და სტუდენტების განთავსებას სხვადასხვა კლინიკაში. 

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თსსუ-ის 300-მდე სტუდენტმა და აკადემიურმა პერსონალმა გაიარა სტაჟირება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო დეპარტამენტებში, საუნივერსიტეტო და აფილირებულ კლინიკებში. სამუშაო შეხვედრებზე, რომლებიც თსსუ-ის დელეგაციამ აღნიშნული კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან - პროფესორ რიჩარდ პარესთან,  პროფესორ ტოდ ვილიამსონთან, პროფესორ ელიოტ გოზანსკისთან, პროფესორ ანა პარესთან გამართა, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები და განვითარების გეგმები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, თსსუ-ის პროფესორებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქ. ნეშვილში (ტენესი, აშშ) გამართულ სამედიცინო კოლეჯების ამერიკული ასოციაციის (AAMC) კონფერენციასა და გამოფენაში  "Learn, Serve, Lead - 2022", სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამედიცინო განათლების სფეროში არსებული მიღწევები, სიახლეები და გამოწვევები. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, თსსუ-ის დელეგაციამ ემორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

თავის მხრივ,  ემორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ  სრული მზაობა გამოხატა აღნიშნულთან დაკავშირებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ემორის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი  საპასუხო ვიზიტით ატლანტაში მიიწვია.